Cybertruck-მა უსაფრთხოების უმაღლესი შეფასება მიიღო | თუმცა Tesla-ს ეს ევროპაში არ გამოადგება
Tesla Cybertruck-მა, საბოლოოდ მიიღო ნიშანი, რომელიც უსაფრთხოებაში მის უმაღლეს სტანდარტზე მიუთითებს. საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა ამერიკულ უცნაური ფორმის ელექტროპიკაპს „IIHS-ის უმაღლესი უსაფრთხოების არჩევანი+“-ის სტატუსი მიანიჭა, რაც ავტომწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუმცა მთავარ გამოწვევად მაინც ევროპა რჩება, რომლის ბაზარზე „შეღწევასაც“ Cybertruck-ი უკვე წლებია ვერ ახერხებს.
უნდა ითქვას, რომ IIHS რეგულარულად და ხშირად ყოველწლიურადაც კი, ართულებს ტესტირების რეჟიმის გავლას. ბოლო შეფასებით, მის მიერ მინიჭებული უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი ეხება ყველა Cybertruck-ს, რომელიც ამ წლის აპრილის შემდეგ არის აგებული. აპრილის შემდგომ გამოშვებულ მოდელებს სტრუქტურული ცვლილებები შეეხოთ, მათ შორის გადაკეთებულია ძარის ქვედა ნაწილი. რიგი მოდიფიკაციებით, Cybertruck-მა კარგი შეფასებები მიიღო, როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის მხარეს უსაფრთხოების ტესტირებებში.

მაღალი შეფასებები დაიმსახურა Cybertruck-მა გვერდითი შეჯახების შემთხვევაში, ასევე მაღალი ხარისხით შეფასდა LED-მაშუქები, ელექტრომობილის მიერ ფეხით მოსიარულეთა შეჯახებისთვის ძლიერი პრევენცია და ბავშვის სავარძლის უსაფრთხოებაც. საბოლოო ჯამში, Cybertruck-მა IIHS-ის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.
მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ევროპა აშშ-ის უსაფრთხოების ტესტირებებისთვის „სრულიად სხვა სამყაროა“. შტატებში, მგზავრების უსაფრთხოება მთავარი აქცენტია, იქნება ეს IIHS თუ NHTSA. ევროპა უსაფრთხოების სტანდარტებს ამერიკისგან განსხვავებულად უდგება. ევროპაში, UNECE-ს რეგულაციები და Euro NCAP, გაცილებით მეტ ყურადღებას ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას უთმობენ. ეს ეხება მათ შორის ველოსიპედისტების უსაფრთხოებას, გარე ზემოქმედების შემცირება და ურბანულ გარემოსთან თავსებადობას.
სწორედ აქ ექმნება Cybertruck-ს პრობლემები. მისი ბასრი უჟანგავი ფოლადის კორპუსის პანელები და მკვეთრი კიდეები ევროპულ ფეხით მოსიარულეთა დაცვის წესებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. გერმანული ბიზნესგამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, Tesla-ს Grünheide-ს ქარხნის მენეჯერმა ანდრე ტირიგმა ელექტროპიკაპის ევროპის ბაზარზე გაშვება თითქმის გამორიცხა. უფრო მეტიც, ის ევროპის ბაზარზე დიდ მოთხოვნასაც ვერ ხედავს.
მარტივად, რომ ვთქვათ. მიუხედავად ამერიკული სტანდარტების დაკმაყოფილებისა, ალბათ ელექტროპიკაპს ევროპაში ამჯერადაც არ უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ Cybertruck-ის ერთი მოდელი გერმანიაში რეგისტრირებულია, როგორც ამბობენ, ის სპეციალური ნებართვით არსებობს. მათ შორის, მას გერმანიის ბაზარზე გასაშვებად სპეციალური მოდიფიკაციებიც კი დასჭირდა.