Toyota, Scion, ოფროუდი
Aa
Aa

Scion ბრუნდება — Toyota ბრენდს მხოლოდ ოფროუდის მიზნებისთვის აცოცხლებს

გაუქმებიდან 9 წლის შემდეგ, Toyota Scion-ს კვლავ აცოცხლებს. ამჯერად, იაპონური ავტომშენებლობის გიგანტი მკვდრეთით აღმდგარი ბრენდით ოფროუდის სიღრმეებს მოსინჯავს... პირველი მოდელის, Scion 01-ის კონცეპტი Toyota-მ მიმდინარე წლის ნოემბერში SEMA-ს ავტოშოუზე წარადგინა — ოფროუდისთვის გათვლილი ავტომობილი Tacoma-ს ჰიბრიდული ძალური აგრეგატითაა აღჭურვილი. 

Scion 01

„ჩვენ Scion-ის ფესვებს ვუბრუნდებით, რომელიც სწორედ ეს სატესტო ლაბორატორია უნდა ყოფილიყო“, — განაცხადა ბრენდის მთავარმა ინჟინერმა, დონ ფედერიკომ.

ვისაც არ გახსოვთ, Scion-ის ავტომობილების უმრავლესობა მართლაც ჰგავდა (წარუმატებელი) ექსპერიმენტის შედეგებს... მცირე ზომის xB, მოქნილი (თუმცა არც ისე ლამაზი) tC და მოულოდნელად კარგი და მშვენიერი FR-S. Toyota-მ Scion სწორედ ამისთვის შექმნა — მოდელები უცნაურობების მოყვარულ ახალგაზრდებს უნდა ეყიდათ. სამწუხაროდ, პროგნოზებმა არ გაამართლა და გაყიდვებში არსებული კატასტროფის შემდეგ, ბრენდი დაიხურა. დონ ფედერიკოს განცხადებით, Scion-ისგან მომავალში უნდა ველოდოთ ექსპერიმენტებს, რომლებიც, შესაძლოა, სატრანსპორტო საშუალებები სულაც არ იყოს (დიახ, ნამდვილად უცნაურია). 

თუ შედიხართ ავტომოყვარულთა იმ არცთუ მრავალრიცხოვან ჯგუფში, რომელსაც Scion-ის ძველი მოდელები ძალიან უყვარს და მათ დაბრუნებაზე ოცნებობს, იმედები უნდა გაგიცრუოთ — მათ ვეღარ იხილავთ (ან, თუ იხილავთ, Toyota-ს ბრენდირებით).

„ლაბორატორია“ მაინცდამაინც დამაიმედებელი სიტყვა ვერ არის, როცა ბრენდის გაცოცხლებაზე ვსაუბრობთ, თუმცა ფედერიკოს განცხადებით, Scion 01-ის კონცეპტის სერიულ წარმოებაში ჩაშვება გამორიცხული სულაც არ არის — მოდელი ახლა ტესტირების რეჟიმშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები