ბილ გეიტსი საყვარელი მანქანის გამო 13 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 28$-ით ჯარიმდებოდა | მიზეზი
1998 წელს ბილ გეიტსმა Porsche 959 Komfort იყიდა — თავისი დროის საოცრება, 2.85-ლიტრიანი, ორტურბინიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით აღჭურვილი მონსტრი, რომელსაც 320კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. 959 თავის ეპოქაში სერიული წარმოების, ქუჩაში გადაადგილების უფლების მქონე, ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო და ბუნებრივია, არაერთი ავტომოყვარულის ყურადღება მიიქცია, რომელთა შორისაც Microsoft-ის დამფუძნებელის აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს არ გასჭირვებია, შეეძინა მანქანა, რომლის მსგავსიც სულ 336 არსებობდა. 
თუმცა, გეიტსის წინაშე ბიუროკრატიული კედელი მაინც წამოიმართა. Porsche 959 აშშ-ის საავტომობილო გზების ეროვნული ადმინისტრაციისა (NHTSA) და გარემოსდაცვითი სააგენტოს (EPA) სტანდარტებს არ ერგებოდა — შეერთებულ შტატებში კი ასეთ ავტომობილებს ან ანადგურებდნენ, ან საერთოდ არ უშვებდნენ.
შედეგად, გეიტსის პორშე სიეტლის პორტში გაიჭედა. საბაჟომ ის არ გაანადგურა, თუმცა არც გაათავისუფლა და მილიარდერს 13 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 28$-ით აჯარიმებდა.
ჯამურად, ბილ გეიტსმა ჯარიმის სახით 133580$ გადაიხადა, ავტომობილი კი თავის დროზე 225000$-ად ჰქონდა შეძენილი (ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელ 600000$-ზე მეტი). ბევრი სხვა, ალბათ, მანქანას შეეშვებოდა, თუმცა მაიკროსოფთის დამფუძნებელი განსაკუთრებით ჯიუტი აღმოჩნდა — ამ ავტომობილის ყოლა მისი ოცნება იყო და რა არის, დაახლოებით, 134000 დოლარი, როცა მილიარდები გაქვს და ოცნებისთვის იბრძვი? — არც არაფერი.

საბოლოოდ, Porsche 959-ს მხსნელად 1999 წლის აგვისტოში შემოსული კანონი მოევლინა. ახალი, Show or Display წესის თანახმად, ასეთ ავტომობილებს წელიწადში 2500 მილის (4000კმ-ის) გავლის უფლება მიეცათ. შესაბამისად, 2001 წელს პორშემ სიეტლი დატოვა და კანონიერი მფლობელის ფარეხში გადაინაცვლა. ეს ავტომობილი, ცხადია, კოლექციაში დღემდე საპატიო ადგილს იკავებს...