აშშ-ის ზოგ შტატში დაქოქილი ავტომობილის უყურადღებოდ დატოვებისთვის დაჯარიმდებით
ავტომობილს დაქოქილ მდგომარეობაში, ალბათ, ყველა მძღოლი ტოვებს. განსაკუთრებით დილაობით და განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთარია და გასახურებლად ტრანსპორტს მეტი დრო სჭირდება — ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ავტომობილის „ჯანმრთელობისთვის“ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც აღმოჩნდა, ჩრდილოეთ კაროლინაში შესაძლოა ამის გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე დაჯარიმდეთ.
ე.წ „დოუსონის წესის“ თანახმად, ავტომობილის დაქოქილ მდგომარეობაში დატოვება, როცა მძღოლი კაბინაში არ ზის, მე-3 დონის წვრილმანი დანაშაულია (რა თქმა უნდა, მძიმე არაფერი). აღნიშნული წესი მოქმედებს, როგორც აღინიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე გზატკეცილებზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და საზოგადოებრივ პარკინგებზე. როგორც წესი, კერძო ეზოებში დატოვებულ ავტომობილზე ეს წესი არ ვრცელდება.
WNCT-სთან საუბარში, ერთ-ერთი ადგილობრივი დასახლების შერიფმა განაცხადა, რომ ამ წესის აღსრულება პოლიციელების პრიორიტეტი ნაკლებად არის ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას აგდებულად უნდა შევხედოთ და მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს კანონი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა თქვენი მანქანა საჯარო თავშეყრის ადგილზეა გაჩერებული. ავტომობილის ჩაკეტვა და ძრავის გამორთვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ნაკლები შანსია, ასე დატოვებული მანქანა ვინმემ მოიპაროს", — განაცხადა შერიფმა კრის ტომასმა.
ეს საკმაოდ საინტერესო განცხადებაა — როგორც ჩანს, დოუსონის წესს სამართალდამცავები დანაშაულის პრევენციის ხელსაწყოდ უფრო ხედავენ, ვიდრე გარემოსდაცვით ზომად. პრაქტიკაში ეს სწორედ ასე მუშაობს — პოლიციელები ნაკლებად აჯარიმებენ დაქოქილი ავტომობილების „უპატრონოდ მიმტოვებელ“ მძღოლებს და უფრო ხშირად, ასეთ დროს გატაცებული მანქანის ძიება უწევთ.
ეს წესი მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინაში არ მოქმედებს — მის გარდა, დოუსონის წესის სხვადასხვა ვარიაცია კიდევ 15 შტატსა და ვაშინგტონში არსებობს. შესაბამისად, თუ ამერიკაში მოხვდებით, კარგად დაფიქრდით, სანამ დაქოქილ მანქანას უყურადღებოდ დატოვებთ...