როდის დასრულდება თბილისი-მანგლისის 21.3 კმ-იან გზის რეაბილიტაცია?
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც გადაადგილებისას შეფერხებები იქმნებოდა. ცნობისთვის, თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს წარმოადგენს.
„უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა“, - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის პროექტის ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.