ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს | ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვა იგეგმება
საქართელოში ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.
ასევე დაგაინტერესებთ: აშშ-ში ნასვამი მძღოლების „შემაჩერებელი ტექნოლოგიის“ დანერგვას განიხილავენ
სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები 12.9%-ით შემცირდა.
იხილეთ: მძღოლთან ერთად მგზავრსაც იჭერენ? - 10 უცნაური საავტომობილო კანონი
საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 109 შემთხვევაში დასახელდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად. აღნიშნულ შემთხვევებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 129 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.
მათ შორის, იგეგმება ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლების უკეთ იდენტიფიცირებისთვის.