საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება
საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება — ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი ვადის დანერგვა იგეგმება — ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალბედა მძღოლებისთვის უფრო მკაცრი რეაგირების მექანიზმები იმოქმედებს, რაც მათი ქცევის კორექტირებას შეუწყობს ხელს.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.
აღნიშნული პერიოდის ფარგლებში იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ფინანსური სანქციების გამკაცრებისა და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით.
ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას. სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალბედა მძღოლების მხრიდან წარმოშობილი რისკების შემცირება. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადებამდე, სამოქმედო გეგმას დაემატება შესაბამისი კვლევის ჩატარების აქტივობა“, — ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.