საქართველო, საკანონმდებლო ცვლილება, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია
Aa
Aa

საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვთა ავტომობილით უსაფრთხოდ გადაყვანის მიმართულებით რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაც.

„იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება“, - წერია დოკუმენტში.

ამასთან, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნისა და გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, შესაძლოა, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაში აისახოს ბავშვთა უსაფრთხოდ გადაყვანის კონტროლთან დაკავშირებით შსს-ის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების საკითხიც. ახალი სტრატეგია ბავშვთა სავარძლების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

სამოქმედო გეგმის აქტივობებით გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება, მათ შორის, საბავშვო სავარძლების გამოყენების შესახებ შესაბამისი სოციალური კამპანიის ჩატარება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიზანშეწონილია საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც მშობლებსა და ბავშვებზე ადაპტირებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. სტრატეგიის პროექტის მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება რეკომენდებულია სკოლამდელი განათლების პროგრამებშიც.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასკოლო მზაობის პროგრამაში უკვე გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების თემა, რომლის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან საცხოვრებელ გარემოს, ტრანსპორტის სახეობებსა და ქუჩაში მოძრაობის წესებს.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები