პორშე 911, პორშე, შეზღუდული გამოშვების მოდელი
Aa
Aa

როგორ გამოასწორა Porsche-მ 911-თან დაკავშირებული სულელური შეცდომა?

911 S/T-ის შეძენა, რომლის ფასიც 350 000 ევრომდე ადის და მხოლოდ 1 963 ერთეულადაა წარმოებული, ბევრი ავტომოყვარულისთვის უკვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ შემთხვევაში კი საუბარი, 4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით აღჭურვილ მოდელზე გვაქვს, რომელიც 525 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. თუმცა, ეს ორი პრივილეგირებული ადამიანი, რომელთაც არჩევანი უახლეს ვერსიებზე შეაჩერეს, ალბათ ვერასდროს წამოიდგენდნენ, რომ მათ რამდენიმე დღეში Porsche-დან დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, რომ უბრალოდ… შეცდომა მოხდა.

გამორჩეული ლიმიტირებული გამოშვების მოდელების მსგავსად, თითოეულს ხელსაწყოთა პანელზე ინდივიდუალური ნომერი აქვს მითითებული. თუმცა ამ ერთეულებიდან ორს, ერთი და იგივე ნომერი მიენიჭა: 1724. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რატომ მოხდა ეს შეცდომა, თუმცა, ამ ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც ისაა, თუ რა გააკეთა Porsche-მ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

როგორც გერმანულმა ბრენდმა აღიარა, შეცდომა პერსონალიზებული ნიშნის ხელით რეგისტრაციის დროს მოხდა. „წარმოება მოიცავს ხელით სამუშაოს და ადამიანის ჩარევა შეცდომების დაშვების ალბათობასაც აჩენს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება მათი დამუშავება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც ვოლცმა, პერსონალიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა. 

Porsche-მ თავდაპირველად გამოიკვლია, აირჩია თუ არა ორივე მყიდველმა ეს ნომერი. ერთ-ერთი მათგანი პედრო სოლის კლუსმანია, გვატემალას Porsche Club-ის პრეზიდენტი. როგორც აღმოჩნდა, კლუსმანმა რიცხვი 1724 თავადვე შეარჩია - მიზეზით, რომ მისი ბებია და დედა 17-ში დაიბადნენ, ხოლო მამამისი 24-ში. ამასობაში კი, მსოფლიოს მეორე მხარეს, სუზან ტაჰერმა თავისი 911 S/T რაიმე კონკრეტული ნომრის მოთხოვნის გარეშე მიიღო.

კლუსმანის მანქანა Shore Blue Metallic-ის ფერში იყო შეღებილი, Classic Cognac-ის ქსოვილის ინტერიერის ჩანართებით და კარბონის დამცავი კარკასით. ტაჰერის ავტომობილი კი, Rose de Paint-ის ფერში, რომელიც პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა და Porsche-ს რამდენიმე სარბოლო ავტომობილზეც გამოიყენეს. ამ შემთხვევაში ინტერიერში Guarda Red-ს ტყავს ვხვდებით.

როგორც კარლ-ჰაინც ვოლცი ამბობს, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის სათანადო ბოდიშის მოხდა და პრობლემის გამოსწორება იყო. ამიტომ, მათ ორივე მომხმარებელი (და მათი მანქანები) გერმანიაში ერთი დღის გასატარებლად მიიწვიეს. აქ ავტომწარმოებლის შეცდომა ოფიციალურად იქნა აღიარებული, საჯაროდ გამოცხადებული და Porsche-ს ისტორიასა და ტრადიციებში აღბეჭდილი. აქვე, ორივე მომხმარებელმა მიიღო თავისი ავტომობილის ფოტოსურათი, შეზღუდული გამოშვების, ახლა უკვე სწორ ნომრებთან ერთად.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები