Hummer-ი, რომელიც კოსმოსში დაკარგული „ბეტმობილივით“ გამოიყურება
თითქმის ყველა ადამიანს, რომელსაც მანქანები უყვარს, საკუთარი ავტომობილების პერსონალიზების პროცესიც სიამოვნებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც საზღვრების დაცვა არ გამოსდით და ისეთ შედეგებამდე მიდიან, როგორიც ამ Hummer H1-ის შემთხვევაში. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ვერსია ქარხნულისგან რადიკალურად განსხვავდება.
როგორც ბევრი აღნიშნავს, ეს Hummer-ი ახლა უკვე კოსმოსში დაკარგული „ბეტმობილივით“ გამოიყურება. და თუ თქვენც მათ რიგებში ხართ და თან, მოდიფიცირებული ვერსიაც მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ სოლიდური თანხა გადადოთ, რადგან Hummer-ი, უახლოეს პერიოდში, გასაყიდად გამოდის.

Boss-ად წოდებული ეს 2003 წლის Hummer H1, ჩვენთვის კარგად ნაცნობი 6.5-ლიტრიანი დიზელზე მომუშავე ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომატურ გადაცემათა სისტემას უკავშირდება და სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. ამ დროისთვის, ავტომობილს 30 000 კილომეტრზე მცირედით მეტი აქვს გავლილი.
Hummer-ის შეცვლილი კორპუსი, როგორც ჩანს კრისტოფერ ნოლანის „ბეტმობილისა“ და Rezvani-ის პროექტებითაა შთაგონებული. მკვეთრად დახრილი ცხვირი და კორპუსი, საკმარისი იმისთვის, რომ კაპოტის ქვეშ დიზელის ძრავა დაიფაროს. კუთხოვანი განათება და ღია საკიდარის კომპონენტები Hummer-ის წინა ნაწილს აგრესიულ იერს სძენს.

საინტერესოა ის, რომ ბორბლების თაღები, რომლებიც საკმაოდ მაღლაა განთავსებული ტექნიკურად გამოყენებადია. SUV-ს 44-დიუმიანი საბურავები დაუყენეს, შესაბამისად, დამატებითი კლირენსიც სასარგებლოა. საბურავებიც, როგორც ჩანს, სპეციალურად ამ მოდელისთვისაა შექმნილი.

წითელი ზედაპირის მქონე სალონში კი, ორი ფართოდ განთავსებული სავარძელია წარმოდგენილი. ხოლო მარტივი პლანშეტური საინფორმაციო-გასართობი სისტემა მექანიკური კლიმატკონტროლის ზემოთ დამონტაჟდა. ამ ეტაპისთვის, ავტომობილის ღირებულების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ეს „ბეტმობილი“ აუქციონზე იანვარში გამოჩნდება და სხვა დეტალებიც გასაჯაროვდება.