Honda-მ გამოშვებიდან 1 თვეში სულ 174 Prelude გაყიდა
ახალი Honda Prelude-ის გაყიდვები ისე არ მიმდინარეობს, როგორც ამას იაპონური ავტომწარმოებელი ისურვებდა — გამოშვებიდან პირველ თვეში აშშ-ში მხოლოდ 174 Prelude გაიყიდა, რითაც სხვა კუპეებს მოდელი მნივნელოვნად ჩამორჩება.
კომპანიისთვის ყველაზე საგანგაშო მაინც ის არის, რომ მოდელს უშუალო კონკურენტებმაც აჯობეს — მაგალითად, Subaru BRZ 229 ამერიკელმა შეიძინა, Toyota Supra — 277-მა, ხოლო GR86 — 576-მა. Prelude-ს აჯობა დაღმასვლაში მყოფმა Nissan Z-მაც, რომელზეც არჩევანი 221-მა ამერიკელმა მძღოლმა შეაჩერა. 
მთავარი პრობლემა, სავარაუდოდ, ავტომობილის ფასია — სადილეროებში მისი შეძენა, დაახლოებით 43000$ ჯდება, რაც 200 ცხ.ძ-იანი ჰიბრიდისთვის ცოტა არ იყოს, მაღალია, როცა 32000$-ად Civic Si-ს შეძენაცაა შესაძლებელი.
Prelude ნამდვილად ვერ ბრწყინავს, თუმცა Passport სხვა ამბავია. SUV-ების პოპულარობის კვალდაკვალ, ამ მოდელმა 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს ამერიკულ ბაზარზე 69.8%-იანი ზრდა აჩვენა. დადებითი იყო ტენდენცია Prologue EV-ის, Odissey-ისა და Ridgeline-ის შემთხვევაშიც.
მიუხედავად ამისა, 1.8%-ით დაეცა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის HR-V-ის გაყიდვები და ჯამურად 148 771 ერთეული შეადგინა. პოპულარული მოდელების პრობლემები გრძელდება Accord-ისა (7.7%-იანი ვარდნა) და Civic-ის შემთხვევაშიც (1.4%-იანი კლება). 
რაც შეეხება ზოგადად კომპანიის მდგომარეობას, გაყიდვები სულ ოდნავ, 0.4%-ით გაიზარდა და 1 297 144 ერთეული შეადგინა.
საქმეები კარგად არ მიდის მდიდრული ავტომობილების განყოფილება Acura-შიც. გაყიდვებში ზრდადი ტენდენციის დაფიქსირება მხოლოდ ორმა მოდელმა, TLX-მა და ZDX-მა შეძლეს და ირონიულია, რომ ბრენდმა ორივე მოდელის წარმოება უკვე შეწყვიტა.
ერთი სიტყვით, ჰონდას საქმეები კარგად ნამდვილად არ მიდის...