საქართველო, თბილისი, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

„ალილოს“ მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, 7 იანვარს, „ალილოს“ ყოველწლიური მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც, დედაქალაქის გარკვეულ ნაწილებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იმოქმედებს. 

სტატიაში წარმოგიდგენთ, იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ხვალ „ალილოს“ მსვლელობისას მოძრაობა შეიზღუდება და გადაადგილებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს: 

„მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ზანდუკელისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

15:00 საათიდან, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება დასაშვები იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ამ დროს, მოძრაობა დაშვებული იქნება გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლესია უკრაინკას, არჩილ ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზეც.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება: ბარათაშვილის ხიდზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართსა და ავლაბრის მოედანზე.

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვისას, თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები, გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მშრალი ხიდის გავლით - კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ავლაბრის მოედანზე შეზღუდვისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომობილები სვლას ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით გააგრძელებენ, უკუმიმართულებით კი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმავე მარშრუტით შეძლებენ.

ასევე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობისას, ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ იმოძრავებს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება“. 

მსგავსი სიახლეები