Polestar, Volvo, ელექტრომობილები, ვოლვო
Aa
Aa

კრიზისიდან Volvo-ს ხელახლა გამოსაყვანად კომპანიაში თომას ინგენლათი ბრუნდება

Volvo-ში გადაწყვიტეს, რომ თუ იმ პრობლემების მოგვარება სურთ, რომელთა წინაშეც ამჟამად კომპანია დგას, უნდა დააბრუნონ კაცი, ვისაც ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია. შესაბამისად, შვედური ავტომწარმოებლის ახალი მთავარი დიზაინერი კვლავ თომას ინგენლათი გახდება, რომელმაც 9 წლის წინ Volvo დატოვა და Polestar გლობალურ ბრენდად აქცია. 

თუ თანამედროვე ვოლვოების მოკრძალებული, სადა, თუმცა ელეგანტური დიზაინები მოგწონთ, მეტწილად ეს სწორედ ინგენლათის დამსახურებაა. 2010-იან წლებში მან ბრენდის იდენტობა თავდაყირა დააყენა და XC90-ის, XC40-ისა და V90-ის დიზაინი რადიკალურად შეცვალა — ცვლილებებმა ჩამოთვლილი მოდელები საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის ყველაზე გაყიდვად მანქანებად აქცია და ფინანსური კრიზისის წინაშე მდგარი ავტომწარმოებელი იმ მომენტში გადაარჩინა.

Volvo ამჟამად სტაგნაციაში შედის, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის წლებიდან კომპანია ძალიან მძლავრი დაბრუნდა და 2023-2024 წლები რეკორდულიც კი ჰქონდა — ამ ეტაპზე გაყიდვები შემცირდა, განსაკუთრებით კი შვედური ბრენდის ელექტრომობილებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დაწესებულმა ტარიფებმა დაარტყა. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, Volvo-ს გაყიდვები 7%-ით შემცირდა, ხოლო ელექტრომობილების სექტორში ვარდნა ორნიშნაა და 13%-ს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანიისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩინური ბაზარიც, სადაც გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, ვოლვოს გაყიდვებს კარგი დღე ნამდვილად არ ელის.

 

აღსანიშნავია ბრენდის იდენტობის ცვლილებაც — Volvo შიგაწვისძრავიანი მოდელების თანდათან ამოღებას აპირებს და ინგენლათის მისიაც სწორედ ამ პროცესის უმტკივნეულოდ გადაგორება იქნება — კომპანიამ უნდა გამოუშვას ახალი მოდელები, უმეტესად ელექტრომობილები და ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ პროცესში ბრენდის „სული“ არ ჩაიკარგოს — უსაფრთხოება, სანდოობა და ელეგანტურობა.

ინგენლათი Polestar-ში

როგორც აღინიშნა, ვოლვოს ახალმა მთავარმა დიზაინერმა Polestar-ში 7 წელი გაატარა და ეს Volvo-ს ქოლგის ქვეშ მყოფი ეს ნაკლებად ცნობილი ბრენდი გლობალურ მოთამაშედ აქცია. მისი დიზაინით შეიქმნა Polestar 1, 2, 3 და 4. ინგენლათის მმართველობის პერიოდში კომპანია 20-ზე მეტ ბაზარზე შევიდა და მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინებით ელექტრომობილების მოყვარულების სიმპათიებიც დაიმსახურა. 

მიუხედავად ამისა, 2024 წელს კომპანიის აქციების ფასი დაეცა და ინგენლათიც აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე Opel-ის ყოფილმა ბოსმა ჩაანაცვლა. 

მოკლედ, ახალ დიზაინერს ბევრი საქმე ექნება — ვიხილავთ Volvo-ს ოდესმე ევროპული ავტომშენებლობის ლიდერებში ხელახლა? — საკითხავი აი ეს არის...

მსგავსი სიახლეები