ჯონ სინამ Honda-ს მზარდ კოლექციას ახალი მოდელი შემატა
უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ჯონ სინა Honda-ს რეკლამებს ახმოვანებს. თუმცა ამასთან ერთად, ის დიდი ხანია Honda-ს ენთუზიასტთა შორისაა და იაპონური ავტომწარმოებლის მზარდი კოლექციაც აქვს. 2023 წელს სინამ გაამხილა, რომ ყოველდღიურად ის Boost Blue-ს ფერის Civic Type R-ს (FK8) მართავდა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, მან სპორტული სედანი ახალ Championship White FL5-ზე გაცვალა. ამჯერად სინა Honda-ს ავტოკოლექციის გამდიდრებას Prelude-ით აგრძელებს.
სინამ თავისი ჰიბრიდული კუპეს გასაღები გასულ უქმეებზე მიიღო. საინტერესოა, რომ ეს მოდელიც FK8-ის ფერშია წარმოდგენილი. სინამ ახალი ავტომობილი Wesley Chapel Honda-ში შეიძინა, მაშინ, როდესაც თავისი Type R სერვისზე ჰყავდა მიყვანილი. რა თქმა უნდა, ამ ორ მოდელს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს.

Prelude Civic-ის ძარაზეა აგებული და Type R-ის საკიდარსა და მუხრუჭებს იყენებს. თუმცა Civic Type R Honda-ს უახლესი K-სერიის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო Prelude-ის სიმძლავრე 200 ცხენის ძალაა. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს უკანასკნელი ჰიბრიდია, ამიტომ, სულ მცირე, საკმაოდ ძლიერი მაბრუნი მომენტი აქვს.
„Civic TypeR სერვისზე მივიყვანე და გამიმართლა, რომ ახალი Honda Prelude შევიძინე!! მადლობა Wesley Chapel Honda-ს, რომ ჩემი კოლექციის Boost Blue-ის მსგავსი სილამაზით გამდიდრების საშუალება მომცა! დროა გამოვცადოთ, თუ რა შეუძლია მას!!!“ - წერს სინა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, ქარხნული ვერსიით Honda Prelude ბაზარზე ჯერ კიდევ 1979 წელს გამოჩნდა და წარმოებაში 2001 წლამდე დარჩა. 2024 წელს Honda-მ ამ სახელის ქვეშ ახალი ხაზის წარმოების შესახებ განაცხადა, თუმცა ამჯერად მოდელი უკვე ჰიბრიდის სახით წარადგინა.