Bronco RTR — ხელმისაწვდომი ყველგანმავალი Ford-ისგან
„ჩვენ ვიცით, რომ პერფორმანსის მოყვარული მღოლების გარკვეულ ნაწილს არ აქვს სახსრები, რომ Bronco Raptor შეიძინოს. სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაცია, როცა Bronco RTR-ს ვქმნიდით — გვეპოვნა იდეალური ბალანსი მაღალსიჩქარიანი ოფროუდის პერფორმანსსა და ბიუჯეტურ ფასს შორის“, — განაცხადა King of the Hammers-ის ორგზის ჩემპიონმა ლორენ ჰილიმ.
მართლაც, Ford Bronco RTR ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდელია, რომელიც ბოლო წლებში „ლურჯ ოვალს“ შემოუთავაზებია — ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მის შექმნაზე ოფროუდის ლეგენდასთან ერთად RTR-ის დამფუძნებელიც მუშაობდა, რომელიც დრიფტისა და მძლავრი პერფორმანსის დიდი მოყვარულია. 
RTR-მა საჭით მართვის სისტემა გააძლიერა, რათა ამ უკანასკნელმა ინტენსიურ ექსპლუატაციას უპრობლემოდ გაუძლოს, დაუყენა მოდელს განახლებული, მაღალი კლირენსის მქონე დაკიდება და 33-დუიმიანი საბურავები — კომბინაცია, რომელიც აქამდე Bronco-ზე არ გვინახავს — ცხადია, გარკვეული ცვლილებები განიცადა ავტომობილის ძრავამაც.
RTR აღჭურვილია ტურბოჩაბერვის მქონე 2.3-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც Bronco-ს საბაზისო კომპლექტაციაში გვხვდება — რატომ არა V6? იმიტომ, რომ მძიმეა... ხოლო დიუნებზე გადაადგილებისას, უფრო მსუბუქი წინა მხარე უკეთეს მანევრირებას ნიშნავს. ეს ძრავაც, ისევე როგორც RTR-ის უფროსი ძმა, Bronco Raptor-ი, 1000-ვატიანი გაგრილების ვენტილატორითა და Ford-ის ანტილაგ სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ტურბინას ატრიალებს მაშინაც, როცა გაზის პედალს ფეხს არ აჭერთ. 

თუ ოდნავ მეტ თანხას დახარჯავთ და Sasquatch კომპლექტაციას შეიძენთ, საბურავები 35-დუიმიანი Goodyear-ით შეიცვლება, ხოლო დაკიდების სისტემა HOSS 3.0-ით. Ford-ის განცხადებით, ეს დაკიდება F-150 Raptor-ის მსგავსია. RTR-ის ოფიციალური დებიუტი King of the Hammers-ის ღონისძიებაზე გაიმართება, მოჰავეს უდაბნოში, სადაც მოდელი 2025 წლის თებერვალში დაიტესტა.
Ford შეკვეთების მიღებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.