საქართველო, თბილისი, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

რა მდგომარეობაა თბილისის გზებსა და საქართველოს სხვა ნაწილებში | განახლება

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. გარკვეულ გზებზე შეზღუდვები კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ნაწილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. არსებული მდგომარეობით, საქართველოს გზებზე შემდეგი სიტუაციაა:

ვაზიანი-გომბორი-თელავი: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი: მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.

მოძრაობის რეჟიმი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გაუჩერებლად; გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი — მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ცნობისთვის: მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანი საშუალებების (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი და 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ვითარება თბილისში: 17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. უკვე მეოთხე დღეა, უხვი ნალექის გამო, თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი / თბილისის მერია

მსგავსი სიახლეები