ავტოკოლექცია, მერსედეს-ბენცი, ჰამერი ეიჩ1, მერსედეს-ბენცი ეს-კლასი
Aa
Aa

აბუ-დაბის პრინცის შეკვეთის გამო Mercedes-ის ქარხანას წარმოების შეჩერება მოუხდა

სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს რომ ხშირად ძვირად ღირებული და უიშვიათესი ავტომობილების კოლექცია გამოარჩევთ, ეს სიახლე არავისთვისაა. ერთ-ერთი მათგანი აბუ-დაბის პრინცი, ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰიანია, რომლის ენთუზიაზმიც მანქანების მიმართ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Mercedes-ის ქარხნის წარმოება დროებით შეეჩერებინა.

1990-იანი წლების დასაწყისში შეიხმა Mercedes-Benz-ს უცნაური შეკვეთით მიმართა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელს Mercedes-Benz S-Class-ის მთელი ავტოპარკი სურდა — თითოეული ცისარტყელას უნიკალურ ფერში. ავტომობილების ინტერიერი სრულ შესაბამისობაში იყო ექსტერიერთან, რაც, ჯამში, შვიდ განსხვავებული დიზაინის S-Class-ს ნიშნავდა.

გასაკვირი არაა, რომ ამ შეკვეთის გამო აბუ-დაბის პრინცს მეტსახელად „ცისარტყელას შეიხი“ შეარქვეს. მისი სურვილის სისრულეში მოსაყვანად Mercedes-ს ქარხნის ნაწილის დროებით დახურვა მოუწია. ამ ამბიდან 30 წელი გავიდა და ეს მანქანები ახლა უკვე ემირატების ეროვნული ავტომუზეუმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პრინცის კოლექცია მხოლოდ ფერთა გამით როდია შთამბეჭდავი. მის კოლექციაში 700-ზე მეტი ავტომობილია, რომელთა შორის უმეტესობა ყველგანმავალი სტილის მოდელია. ასევე შეხვდებით ამერიკულ კლასიკურ მანქანებსა და Mercedes-ის სხვა მოდელებს. შეიხის მფლობელობაშია მსოფლიოში ყველაზე დიდი Hummer-იც, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია.

კოლექციის ყველაზე ცნობილ ექსპონატებს შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი SUV-იც. „დაბიანის“ სახელით ცნობილი ავტომობილი 10-ბორბლიანი, 24-ტონიანი მონსტრია, რომლის სიგრძე 10.8 მეტრია. რაც შეეხება Hummer H1-ის ასლს, ის ორიგინალს მოცულობით 27-ჯერ აღემატება და ამ განსხვავების დანახვა თავადაც მარტივად შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები