ჩაძირული ავტომობილი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

მძღოლმა ნახევრად ჩაძირული Corvette ტბაში მიატოვა

ორლანდოს სახანძრო დეპარტამენტში უცნაური შეტყობინებები არავის უკვირს, თუმცა გასული კვირის გამოძახება მაინც იშვიათი შემთხვევა იყო: ფლორიდაში ნახევრად ჩაძირულ, კაშკაშა წითელი ფერის Chevy Corvette Stingray-ს მიაკვლიეს, რომელიც, როგორც ჩანს, მძღოლმა შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

ავტომობილი დეპარტამენტის წევრებმა 14 იანვრის დილით, ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტიდან არც ისე შორს იპოვეს. ნაწილობრივ წყალში ჩაძირვის მიუხედავად, Corvette-ის კაშკაშა საფარის შეუმჩნევლობა მაინც რთული იყო. სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ, რათა ავტომობილი ტბიდან უვნებლად ამოეყვანათ.

ტალახსა და წყალში საბურავების კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Corvette C8 ტბორში, სავარაუდოდ, უკუსვლით შევიდა. გაურკვეველია, მძღოლმა ეს განზრახ გააკეთა თუ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი მგზავრი მანქანიდან ფანჯრის საშუალებით გადმოხტა, სანამ ის ჩაიძირებოდა.

„გადარჩენილ“ Corvette-ს ბამპერზე მცირედი დაზიანებები აქვს, თუმცა ეს მთავარი პრობლემა ნამდვილად არაა. თუ ჩაძირვის მომენტში ძრავა მუშა მდგომარეობაში იყო, ის, სავარაუდოდ, ჰიდროლოკირებულია. ეს შეკეთების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და შესაძლოა, ყველაზე მონდომებული ავტომოყვარულებიც კი დააფრთხოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძრავა როგორღაც გადაურჩა დაზიანებას, სალონზე იმავეს ვერ ვიტყვით. წყალს ამ კომპლექსური ელექტრონული სისტემების მქონე ავტომობილში სერიოზული ხარვეზების გამოწვევა შეუძლია.

კვლავ საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ მიატოვეს C8 Corvette წყალში. ადგილობრივ მმართველობას დეტალები არ გაუსაჯაროებია, ინტერნეტსივრცეში კი უკვე გაჩნდა სხვადასხვა თეორია, მათ შორის შესაძლო სადაზღვევო თაღლითობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები