უნიკალური Corvette ZR1X სტანდარტულ ფასზე 12-ჯერ ძვირად გაიყიდა
Barrett-Jackson-ის აუქციონის სახლის პლატფორმაზე გასაყიდად უნიკალური Chevrolet Corvette ZR1X გამოჩნდა. მსგავსი იშვიათი და მაღალი ხარისხის მოდელის გამოჩენამ, რა თქმა უნდა, ავტოენთუზიასტთა დიდი ყურადღება მიიპყრო და გასაკვირი არაა, რომ იგი საწყის და ორიგინალ ფასზე ბევრად მაღალი შეფასებითაც გაიყიდა.

Corvette-ის ეს სპეციალური გამოშვების მოდელი Stars & Steel-ის შეზღუდული ვერსიითაა ინსპირირებული, რომლის წარმოებაც მხოლოდ 250 ერთეულით შემოიფარგლებოდა. ფერი, რომელიც ZR1X-ის ექსტერიერისთვის გამოიყენეს, Dark Satin Steel-ის სახელითაა ცნობილი; იგი GM-ის დიზაინის გუნდმა შეიმუშავა და სანახაობრივად გამოიყურება. Dark Satin Steel-ის ფერი ლურჯ სამუხრუჭე კალიპერებთან და კარბონის უკანა ფრთაზე დატანილ ლურჯ წარწერასთანაა შეხამებული, რასაც ინტერიერში იმავე ფერის ტყავის დეტალები ემატება.

არავისთვისაა გასაკვირი, რომ ტენდერის გამარჯვებული რიკ ჰენდრიკია — ადამიანი, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული მაღალი ხარისხის ავტომობილის პირველი ეგზემპლარი შეიძინა. სულ რაღაც ერთი წლის წინ მან $3.7 მილიონად C8 ZR1-ის პირველი ეგზემპლარიც შეიძინა.
აუქციონის დასასრულს Chevrolet Corvette ZR1X-ის ფასმა $2.6 მილიონს მიაღწია, რაც Chevy-ის უმაღლესი დონის ავტომობილის სტანდარტულ საცალო ფასზე ($207,395) 12-ჯერ მეტია. ამ შემთხვევაში აუქციონს ფილანტროპული ხასიათი ჰქონდა და თანხა სრულად გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება.

ცნობისთვის, ZR1X-ის მოდელი Corvette-ის ამ ხაზის პიკია, რომელიც 1 250 ცხენის ძალასა და 1 292 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი 5.5-ლიტრიანი ტვინ-ტურბო LT7 V8 ძრავითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 1.68 წამში ჩქარდება. გარდა იმისა, რომ ეს ZR1X უნიკალურია, მას სიმბოლური დატვირთვაც აქვს: ეს მოდელი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის 25 წლისთავის პატივსაცემად შეიქმნა.