შეჯავშნული მანქანა, უბედური შემთხვევა, ტოიოტა, ლენდ კრუიზერი
Aa
Aa

Land-Cruiser უკვდავია! | ფილიპინელი მერის ტოიოტა RPG-ით თავდასხმას უვნებლად გადაურჩა

ფილიპინებში რამდენიმე დღის წინ დატრიალდა ამბავი, რომელზეც წლების განმავლობაში ილაპარაკებენ — ერთ-ერთი ქალაქის მერის შეჯავშნილ Toyota Land-Cruiser-ს თავს დაესხნენ და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. საქართველოში, ალბათ, ჩვენი უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, ასეთი თავდასხმა არ გვიკვირს, თუმცა ეს მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა — ჭურვი ავტომობილს სუფთად მოხვდა, თუმცა მხოლოდ ორი ადამიანი დაშავდა, ისიც მსუბუქად... 

„მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ მძლავრ იარაღს გამოიყენებდნენ. RPG არ არის ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი იყენებს — ეს თავდასხმა პროფესიონალურად იყო დაგეგმილი", — განაცხადა მერმა აქმად ამპატუანმა.

ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ნაცრისფერი ფურგონიდან გადმოდის და ლენდ-კრუიზერს ესვრის — თავდამსხმელს სიზუსტეს ვერ დავუწუნებთ, აი ინფორმირებულობის დაწუნება კი ნამდვილად შეიძლება — ტერორისტმა აშკარად არ იცოდა, რომ ქალაქის მერის იაპონური ავტომობილი ძალიან მძიმედ იყო შეჯავშნილი. მეორე თავდამსხმელმა, დაზღვევის მიზნით, ავტომობილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ჯერიც გადაატარა, თუმცა იმას, რაც ჭურვმა ვერ გააკეთა, ცხადია, ვერც ტყვიები გააკეთებდა... 

SUV-ის ძარას პანელები, ფანჯრები და იატაკი „შეფუთული“ იყო მასალით, რომელსაც არამხოლოდ წვრილკალიბრიანი საბრძოლო მასალის, არამედ შრაპნელისა და საშუალოკალიბრიანი ტყვიების შეკავებაც შეუძლია. მრავალშრიანმა და პოლიკარბონატით ლამინირებულმა მინამ კი შეაკავა როგორც ბალისტიკური დარტყმის, ისე აფეთქების შოკური ტალღების ეფექტი. „თვითმზიდი“ სალტეების დამსახურებით კი ავტომობილმა მოძრაობის გაგრძელება შეძლო და მერი სახიფათო ზონას გაარიდა. 

ადგილობრივი გამოცემა Minda News-ის ცნობით, ოთხი თავდამსხმელიდან 3 უკვე ლიკვიდირებულია და მეოთხეს ამ დრომდე ეძებენ. ფილიპინების ეროვნული პოლიციის სპიკერის, რანდულფ ტუანოს განცხადებით, თავდასხმა ერთი ოჯახის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. 


და რატომ იყო რიგითი მერის ავტომობილი ასე შეჯავშნილი? იმიტომ, რომ ამპატუანს თავს 2010, 2014 და 2019 წლებშიც დაესხნენ (როგორც ჩანს, ის უკვდავია). 

თუ არ გინახავთ, ჩვენ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე Land Cruiser-ს, ამ უკვდავ მოდელს, ვიდეოც მივუძღვენით — მოკალათდით და გაეცანით ამ ძალიან საინტერესო ისტორიასაც. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები