ტიუნერებმა კლასიკური Chevrolet Thriftmaster აღადგინეს და V8 ძრავით აღჭურვეს
ტიუნინგისა და რესტაილინგის სამყაროს ყველა ავტომოყვარული სიმპათიით უცქერს, რისი მიზეზიც ამ სფეროში საზღვრების არარსებობაა. ესეც სწორედ ასეთი შემთხვევაა — ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა კომპანია, Icon 4X4-მა ამერიკული ლეგენდა, Chevrolet Thriftmaster-ი აიღო, შეუნარჩუნა მას რეტრო დიზაინი და ძალური აგრეგატი სრულად გაათანამედროვა. 
ეს კონკრეტული სატვირთო, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, კომპანიის მიერ რესტავრირებული 30-ე Thriftmaster-ია და იაფი სულაც არ ღირს — როგორც წესი, ასეთ დონეზე აღდგენილი მოდელი, სულ მცირე, 225 000$-ად ფასობს. ობიექტური გადმოსახედიდან, ეს არ არის კატასტროფული თანხა, თუ გავითვალისწინებთ შრომასა და მონდომებას, რომელიც პროექტში ჩაიდო.
Icon 4X4-ის თითოეული Thriftmaster-ი განახლებულ შასის, სრულად დამოუკიდებელ დაკიდებასა და განივი მდგრადობის რეგულირებად სტაბილიზატორს იღებს — ტექნოლოგიას, რომელზეც რეტრო ავტომობილი ვერც კი იოცნებებდა. მანქანა ალუმინის 18-დუიმიანი დისკებითა და Michelin Pilot Sport საბურავებითაა აღჭურვილი, რაც მინიშნებაა მძლავრ პერფორმანსზე, რომელიც კაპოტის ქვეშ იმალება.
შევროლეს სტანდარტული ძრავა ამ სატვირთოში თანამედროვე LS3 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა ჩანაცვლებული, რომელიც 440 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა თვლებს გადაეცემა. ავტომობილი ღია მწვანედაა შეღებილი და ყველა ქრომირებული დეტალი აღდგენილია.
სრულად აღდგა და გალამაზდა ინტერიერიც — ცხადია, სალონში ციფრულ მონიტორებსა და სენსორულ ეკრანებს ვერ ვხედავთ. მიუხედავად ამისა, თანამედროვეობის ნიშნების გარეშე რესტავრაცია არ გამოვიდოდა, ამიტომ აუდიო სისტემა სრულად ახალი და თანამედროვეა. 

ერთი სიტყვით, თუ კლასიკური ამერიკული სატვირთოს პერფორმანს ვერსიაზე ოდესმე გიოცნებიათ, ეს სათქვენო მანქანაა.