Pagani-მ ძალიან მდიდრებისთვის მექანიკური სუპერქარი შექმნა
Huayra-ს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრის, Pagani Utopia-ს, დებიუტიდან სამ წელზე მეტი ხანი გავიდა. თუმცა, ეს Huayra-ს ხაზის დასასრულზე სულაც არ მიუთითებს. კლასიკური Pagani-ს სტილში დამზადებულ შეზღუდული გამოშვებისა და ექსკლუზიურ მოდელებს, სავარაუდოდ, ავტომწარმოებელი მომავალშიც გამოუშვებს.
ახლა კი კომპანიამ Huayra-ს ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც მისი დამფუძნებლის, ჰორაციო პაგანის, 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. ისევე როგორც Pagani Zonda HP Barchetta-ს შემთხვევაში (რომელიც პაგანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა), ეს მოდელიც სულ სამი ეგზემპლარით შემოიფარგლება. ამ ჰიპერქარებიდან ერთი მის მფლობელს რამდენიმე კვირის წინ გადაეცა. ეს მოდელი Trionfo-ს სახელითაა ცნობილი, რაც იტალიურად „ტრიუმფს“ ნიშნავს.

Huayra 70-ის დიზაინი მნიშვნელოვნად მოგვაგონებს Huayra BC Roadster-ის დიზაინს, თუმცა განსხვავებული სტილიც დაჰყვება. კორპუსი მწვანე ფერის კარბონითაა მოპირკეთებული, კაშკაშა ნარინჯისფერი აქცენტებით — მათ შორის კაპოტზე, წინა შემშვებ მილზე, გვერდითა კალთებზე, სახურავის ნაწილსა და უკანა ფასადზე.
Huayra-ს სხვა მოდელებისგან განსხვავებით, 70 Trionfo-ს აქვს უფრო მარტივი წინა ბამპერი და დღის სავალი ფარები, რომლებიც არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაა განლაგებული. ასევე უნიკალურია გედის ფორმის უკანა ფრთა. თუმცა ამ მოდელს განსაკუთრებულს მხოლოდ მისი დიზაინი არ ხდის — რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც საუბარი მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე გვაქვს.

Pagani-მ თავისი ახალი, სუპერ შეზღუდული გამოშვების მოდელი 6-ლიტრიანი ტვინტურბო V12 ძრავით აღჭურვა. Huayra-ს ძრავა ახლა უკვე 834 ცხენის ძალას გამომუშავებს, რითაც მნიშვნელოვნად აღემატება Huayra BC-ის 789 ცხენის ძალას. კიდევ უფრო საინტერესო ის ფაქტია, რომ ავტომობილი 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ზუსტად იგივე ჩვენ 18 თვის წინ გამოშვებულ, ექსკლუზიურ Huayra Epitome-ში ვიხილეთ.
როგორც გითხარით, Huayra 70-ის კიდევ ორი მოდელი წარმოების პროცესშია. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი განსხვავებული ექსტერიერითა და, შესაძლოა, ინტერიერით იყოს წარმოდგენილი — ზუსტად ისე, როგორც ის ადამიანი მოისურვებს, რომელიც ამ ავტომობილში მილიონებს გადაიხდის.