ჰიუნდაი Ford Maverick-ის გამარჯვებას აღიარებს და Santa Cruz-ის წარმოებას წყვეტს
თუ ამ მოდელის შესახებ აქამდე არ იცოდით, Hyundai Santa Cruz-ი საკმაოდ საინტერესო მცირე ზომის სატვირთოა. მინი პიკაპი არც გამავლობას უჩივის და არც დიზაინს, თუმცა, მისდა საუბედუროდ, მის სეგმენტში ახლა Ford Maverick-ია გამეფებული. Auto News-ის ცნობით, ბევრად წინ გაჭრილ კონკურენტთან ჭიდაობით სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი დაიღალა და აპირებს, ეს პაექრობა შეწყვიტოს. ინსაიდერების ინფორმაციით, ჰიუნდაი Santa Cruz-ის წარმოებას შეწყვეტს და ჩარჩოიანი ძარას მქონე სატვირთოს გამოუშვებს.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის შეჩერდება Santa Cruz-ის წარმოება, თუმცა თავდაპირველი გეგმით, კომპანიას წარმოებიდან პატარა პიკაპი 2027 წლის პირველ ნახევარში უნდა ამოეღო — სავარაუდოდ ეს ვადა კიდევ უფრო შემოკლდება. Hyundai Tucson-ზე დაფუძნებული მოდელი ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა საოცნებო პოპულარობას ვერასდროს მიაღწია. 2025 წელს მასზე არჩევანი 25 499-მა მძღოლმა შეაჩერა, როცა ამავე პერიოდში Ford-მა 155 051 Maverick-ი გაყიდა. 

ერთი შეხედვით, Santa Cruz-ს ვერაფერ ცუდს ვერ დავწამებთ — როგორც მისი პერფორმანსი, ისე მრავალფუნქციურობა, მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა პიკაპების სეგმენტში Ford-თან დაპირისპირება არათუ Hyundai-ს, არამედ Ram-სა და Chevrolet-საც კი უჭირთ.
მიუხედავად ამისა, ყველგანმავალი მოდელის შექმნას კორეული ბრენდი მაინც ეცდება. The Drive-თან საუბარში, კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკული მიმართულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია უგზოობაზე გათვლილ მოდელებზე იმუშავებს და ისინი ჰიუნდაის შოურუმს აუცილებლად გაამრავალფეროვნებენ.
ნამდვილად საინტერესოა, როგორ აპირებს Hyundai ამ გეგმების ისეთ კონკურენტულ ბაზარზე განხორციელებას, როგორიც აშშ-ია. ცხადია, იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ 4X4-ების სამყაროში გაბატონებულ გიგანტებს უშანსოდ დაამარცხებს, თუმცა გაძლიერებული კონკურენცია ცუდი არასდროს არ არის.