Lambo-მდე და Lambo-ს შემდეგ | როგორ ცვლის სუპერქარის ფლობა ადამიანების დამოკიდებულებას?
ავტომობილს მფლობელზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ზოგისთვის ის უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა, ზოგისთვის კი — სტატუსის განმსაზღვრელიც. განსაკუთრებით ისეთი სუპერქარების შემთხვევაში, როგორებიც Lamborghini-ის მოდელებია, რომლებიც გარშემომყოფთა ყურადღებას მარტივად იპყრობენ და, ამასთანავე, თქვენს არცთუ ისე მოკრძალებულ ფინანსურ შესაძლებლობებსაც უსვამენ ხაზს.

სწორედ ამიტომ, Lambo-ს ერთ-ერთმა მფლობელმა გადაწყვიტა სხვა სუპერმანქანების მფლობელებისთვის ეკითხა, შეიცვალა თუ არა მათ მიმართ ადამიანების დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს. თავად გამოკითხვის ავტორმაც აღიარა, რომ Lambo-ს შეძენამდე და შეძენის შემდეგ მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში ცვლილებები შეამჩნია. შემდეგ კი ეს კითხვა სოციალური პლატფორმა Reddit-ის მომხმარებლებსაც დაუსვა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილის შემთხვევაში გამოცდილება ავტორის მსგავსი იყო. მფლობელების თქმით, თავიდან ეს ყველაფერი სასიამოვნო ჩანდა, თუმცა მოგვიანებით დამღლელი გახდა; მათ შორის — მოულოდნელად ბევრი კითხვა და ხალხის დაჟინებული მზერა. თუმცა, თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ ბავშვების რეაქციები Lamborghini-ს ფლობის საუკეთესო ნაწილი იყო. მათი თქმით, ყველაზე სასიამოვნო სწორედ ბავშვების გულწრფელი ემოციები, ღიმილი და ხელის დაქნევაც კი იყო.

მაგრამ ნაწილი იმაზეც თანხმდება, რომ სუპერქარის ფლობამ პირად ურთიერთობებზეც კი იქონია გავლენა. მაგალითად, გამოკითხულთა ნაწილი აცხადებდა, რომ მეგობრები გარეთ გასვლის დროს მისგან თანხის სრულად დაფარვასაც კი ელოდებოდნენ. ამასთან ერთად, Reddit-ის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი მათი საცხოვრებელი გარემოცაა. მაგალითად, ისეთ დასახლებებში, სადაც ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე პირები ცხოვრობენ, Lambo-ც კი ვერავის გააკვირვებს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ ვიტყვით.