ელექტრომობილები, ჰიბრიდები თუ შიგაწვის ძრავის მანქანები | რეალურად რომელი ჯდება ყველაზე იაფი?
სხვადასხვა ტიპის აგრეგატის მქონე ავტომობილებს შორის ხარჯების შედარება ხშირად საკმაოდ მარტივი ჩანს, თუმცა რეალობაში საქმე ბევრად უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე დეტალური ანალიზის გაკეთება საკუთარ თავზე Mike De Socio-მ აიღო და საფუძვლიანი კვლევისთვის ექსპერტთა შეფასებები და რეალური მონაცემები გააერთიანა.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ამერიკულ ბაზარზე ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს რეალურ განსხვავებას ელექტრომობილებს, ჰიბრიდებსა და შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების მფლობელთა ხარჯებში და აჩვენებს, რომ აგრეგატების ტიპის მიხედვით სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს დანახარჯების მხრივ — როგორც შეძენის, ისე გრძელვადიანი ფლობის გათვალისწინებით.
კვლევის ფარგლებში ელექტრომობილები, ჰიბრიდები და შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილები ერთმანეთს რამდენიმე ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით შეადარეს, ესენია: საწყისი ფასი, საწვავის/დამუხტვის ხარჯი, ტექნიკური მომსახურება, ცვეთა და გადაყიდვის ღირებულება. მსგავსმა ანალიზმა კი თითოეული კატეგორიის სუსტი და ძლიერი მხარეები გამოავლინა.

პირველი და ყველაზე მკაფიო განსხვავება სწორედ ავტომობილის შეძენის დროს ვლინდება. დღესდღეობით ყველაზე იაფი შიგაწვის ძრავიანი (ბენზინის) მანქანებია, შემდგომ მოდის ჰიბრიდები და ბოლოს ელექტრომობილები. ანუ საწყის ეტაპზე ბენზინის ძრავაზე მომუშავე მანქანა ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომია.
საწვავის ხარჯი კი სურათს რადიკალურად ცვლის. აშშ-ის ბაზრის გათვალისწინებით, 11 000 მილის (დაახლოებით 17 700 კმ) გავლა ელექტრომობილით მძღოლს $600 უჯდება, შიგაწვის ძრავის მქონე მოდელით $1 300–$1 500, თან ეს სტანდარტული ავტომობილების შემთხვევაში და არა სუპერქარების. ხოლო ჰიბრიდები ერთგვარ შუალედურ პოზიციას იკავებენ. შედეგად ამ შემთხვევაში ყველაზე ეკონომიური ელექტრომობილები გამოდის.

გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება სერვისის ხარჯი. ის ფაქტი, რომ ელექტრომობილებს ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვთ, ზეთის შეცვლას არ საჭიროებენ და მექანიკური ცვეთაც ნაკლებია, EV-ებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. თუმცა სურათი შესაძლოა განსხვავებული იყოს, განსაკუთრებით სერვისის ფასებისა და გარანტიის პირობების თავისებურებების გათვალისწინებით.
ხოლო მაშინ, როდესაც საქმე გაუფასურებასა და გადაყიდვის ფასს ეხება, ელექტრომობილების სუსტი მხარე თავს იჩენს. ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით მათი ცვეთა ბევრად უფრო სწრაფია. ამის მიზეზებია სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, ახალი მოდელების გამოჩენა და ბაზრის სწრაფი ცვლილება. შედეგად ელექტრომობილები უფრო სწრაფად კარგავენ ღირებულებას, ვიდრე ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, Mike De Socio-ს ანალიზით საბოლოო შედეგი შემდეგნაირია: 15 წელიწადში ელექტრომობილის ხარჯი $58 500-მდეა, ხოლო ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილის — $72 000. ანუ გრძელვადიან პერიოდში ელექტრომობილი მნიშვნელოვნად იაფი გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ შეძენისას შესაძლოა მასში ბევრად მეტის გადახდა მოგვიწიოს.