წარმოება, პორშე 911, პორშე, პორშე მაკანი, ავტოწარმოება, პორშე 718 ბოქსტერი, პორშე 718 კაიმანი
Aa
Aa

Porsche კიდევ უფრო ექსკლუზიური ხდება? | ნაკლები ავტომობილი, მეტი მოგება

Porsche-ს ისტორიაში 2023 წელი გაყიდვების თვალსაზრისით საუკეთესო იყო — გერმანულმა ავტომწარმოებელმა მსოფლიო მასშტაბით 320 221 ერთეული ავტომობილი გაყიდა. თუმცა სულ რაღაც ორ წელიწადში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, ჩინეთის ბაზარი და იქ ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან გაზრდილი კონკურენცია გახდა.

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

გაყიდვების ვარდნამ კომპანიის ფინანსურ შედეგებსაც მძიმე დარტყმა მიაყენა. ამას კი კიბერუსაფრთხოების რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო, ევროპის მასშტაბით Macan-ისა და 718 (Boxster/Cayman) მოდელების გაყიდვების შეწყვეტაც მოჰყვა.

შედეგად, უკვე 2025 წლისთვის გლობალურ ბაზარზე Porsche-ს ავტომობილების მიწოდება 279 449 ერთეულამდე შემცირდა, რაც ფაქტობრივად პანდემიის დროინდელი, 2020 წლის დონემდე კლებას ნიშნავს. არც 2026 წელი გამოდგა სუპერქარების გერმანული მწარმოებლისთვის დიდად წარმატებული — მხოლოდ პირველ კვარტალში მოთხოვნა დამატებით 15%-ით დაეცა და მიწოდებამ დაახლოებით 61 000 ავტომობილი მოიცვა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, Porsche ახალი გეგმის შემუშავებაზე დაფიქრდა, გადაწყვიტა წარმოება შეემცირებინა და ის არსებულ, შესუსტებულ მოთხოვნას მოერგო. მიუხედავად ამისა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაელ ლაიტერსი, ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ კომპანიას შედარებით ნაკლები წარმოებული ავტომობილითაც შეუძლია მაღალი მოგების ნახვა. მთავარი აქცენტი კი არსებული და მომავალი თაობის მოდელების მარჟის გაზრდაზე კეთდება, თუნდაც ეს საერთო გაყიდვების შემცირების ფასად დაუჯდეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლაიტერსმა გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ)-თან ინტერვიუში ისაუბრა და თავისი პოზიციაც საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა. მისი პოზიცია კი ძალიან მარტივად და მისივე სიტყვებით ასეთია: „Porsche-მ ფული ნაკლები ავტომობილის გაყიდვითაც უნდა გამოიმუშაოს.“

რა ბედი ელის Porsche-ს საწარმოო ხაზს? — როგორც ჩანს, წარმოების შემცირების გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაშიც, გერმანული კომპანია პორტფოლიოს მაინც გააფართოებს. მათ შორის, განიხილება 718 სერიის სპორტული ავტომობილების დაბრუნება. „ჩვენ გვსურს ახალი მომხმარებლები კვლავ მოვიზიდოთ“, — ამბობს ლაიტერსი. მართალია, მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა მისი თქმის გარეშეც უკვე ვიცით, რომ Boxster-ი და Cayman-ი შიგაწვის ძრავებთან ერთად, მხოლოდ ელექტროაგრეგატებითაც გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს ახალი აღმასრულებელი 911-ზე უკეთესი ჰიპერქარის შექმნას გეგმავს

რაც შეეხება სხვა მოდელებს, FAZ-ის ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშაა წარსულში დაანონსებული სამრიგიანი ფლაგმანი SUV (კოდური სახელწოდებით K1), რომელიც Cayenne-ზე დიდი ზომის ვერსია უნდა ყოფილიყო. ამჟამად კომპანიაში განიხილავენ, საერთოდ ღირს თუ არა რაიმე სახით ამ პროექტის გაგრძელება. დამატებით კი, Porsche-მ გამოცემა Motor1-თან 911-ზე მაღალი კლასის ჰიპერქარისა და Grand Tourer-ის (GT) გამოშვებაც კი დააანონსა, თუმცა მათი ბედი უშუალოდ მომხმარებელთა მხრიდან მიღებულ უკუკავშირზეა დამოკიდებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ Porsche-ს სამოდელო რიგის განახლებული სტრატეგიის შესახებ დეტალები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები