უცნაური, მსოფლიო ჩემპიონატი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა მუნდიალისთვის ტეხასში საკუთარი ავტობუსი ჩაიყვანეს

ამჟამად, ერთდროულად სამ ქვეყანაში — ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს რეკორდული რაოდენობის, ჯამში 48 ქვეყნის ნაკრები, საუკეთესოს გამოსავლენად უპირისპირდება.

ფეხბურთის გულშემატკივრებს მუნდიალი განსაკუთრებით უყვართ და რა გასაკვირია, რომ ხშირად უშუალოდ ფეხბურთელებზე მეტად აზარტულნი სწორედ ქომაგები არიან. ამჯერად კი ყველას, განსაკუთრებით კი ტეხასელების, ყურადღება ნიდერლანდელებმა მიიპყრეს, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი ავტობუსი, სახელად Oranje-ც კი ჩაიყვანეს. ეს ნარინჯისფერი ავტობუსი მალევე სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა, ხოლო მასზე დატანილი წარწერებით ბევრი აღფრთოვანებულიც დარჩა.

ავტობუსის წინა ცხაურზე ამაყად სიტყვა Holland ეწერა, ხოლო გვერდებზე, ეროვნული დროშის გვერდით — „OranjeFans.NL“ და „100% Oranje“. ნიდერლანდელებმა წინა ელექტროტაბლოზეც კი, რომელზეც ჩვეულებრივ მარშრუტი ეწერება, საბოლოო დანიშნულების ადგილად ჰიუსტონი მიუთითეს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ სანახაობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ხუმრობდნენ კიდეც, რომ ღია ზედა გემბანით ავტობუსი NASCAR-ის რბოლის შიდა პერიმეტრისთვისაც იდეალური იქნებოდა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ამ ავტობუსის ტრანსპორტირება ფანებს მატჩებზე დასწრებაზე იაფიც კი დაუჯდებოდათ.

თავად ავტობუსში მყოფი ნიდერლანდელი ქომაგები ამერიკული თავგადასავლით უკმაყოფილონი ნამდვილად არ ჩანდნენ. როგორც მათმა წარმომადგენელმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას განუცხადა, ისინი ტეხასის ქუჩებში თავს ნამდვილ ვარსკვლავებად გრძნობდნენ, ხალხი ძალიან მეგობრული აღმოჩნდა, ხოლო გამოცდილება 100%-ით პოზიტიური.

საინტერესოა ამ ლეგენდარული ავტობუსის წარსულიც, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2024 წელს გამოცემა The Guardian-იც წერდა. თავდაპირველად ის ტრადიციული, ინგლისური ორსართულიანი ავტობუსი გახლდათ, მანამ, სანამ 2004 წელს ნიდერლანდელმა ქომაგებმა შეიძინეს. მაშინ მხოლოდ ამ ავტობუსით პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე წასვლა იგეგმებოდა. მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციისგან მიიღეს შეთავაზება, რომ ავტობუსს ფანების გრანდიოზული მსვლელობისთვის ეხელმძღვანელა და ყველაფერი სწორედ აქ შეიცვალა.

მას შემდეგ ავტობუსი ნიდერლანდური საფეხბურთო კულტურის სიმბოლოა და ბრაზილიაში, ინგლისსა და კატარშიც გვინახავს. ასე რომ, ჰიუსტონი უკვე აღარავის უკვირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები