საგზაო მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა ათი ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას − 20 ქულით.
დამატებით, ბიუროს სხდომას წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ეხება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
პროექტის თანახმად, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ასი ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარის ოდენობით რჩება; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება კი – გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას 300 ლარის ნაცვლად. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის კი – 300-ლარიანი სანქცია შენარჩუნდება.
წყარო - 1TV.