Hyundai-მ და Kia-მ რეკორდულად ბევრი ჰიბრიდი გაყიდეს | კორეული ბრენდების წარმატება
ჰიბრიდებს ნამდვილად საუკეთესო პერიოდი უდგათ. 2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში გაყიდული ავტომობილების 22% ჰიბრიდული იყო. სავარაუდოდ, ეს რიცხვი წელს გაუმჯობესდება, განსაკუთრებით კი Hyundai და Kia იხეირებენ. იანვრის გაყიდვების მაჩვენებლები ორივე კორეულმა ბრენდმა გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ 2025 წლის პირველ თვესთან შედარებით, 2026 წლის იანვარში ჰიბრიდების გაყიდვებმა 60%-იანი ზრდა დააფიქსირა. ყველასთვის გასაოცრად, Toyota, რომელსაც არაერთი ელექტრიფიცირებული მოდელი ჰყავს, უარყოფით შედეგზე გავიდა — იაპონური ავტომწარმოებლის ჰიბრიდების გაყიდვები შემცირდა.
Hyundai-მ 2026 წელი ჰიბრიდების ოჯახში მატებით დაიწყო — კომპანიის საწარმოო ხაზს 2026 Palisade შეემატა — სამრიგიანი SUV აქამდეც საკმაოდ პოპულარული მოდელი იყო, თუმცა მისი წინა, პირველი თაობა, ჰიბრიდულ სისტემას არასდროს გვთავაზობდა. ჯამურად, იანვარში აშშ-ში 8604 Palisade გაიყიდა — 29%-ით მეტი, ვიდრე 2025 წელს. შედარებით მოკრძალებული, 9%-იანი ზრდა განიცადა Santa Fe-მ, რომელზეც არჩევანი 9011-მა ამერიკელმა შეაჩერა.
იანვარი წარმატებული იყო კიასთვისაც, რომელმაც ჯამურად 64502 ავტომობილი გაყიდა — ელექტრიფიცირებული მოდელების გაყიდვები, 2025-თან შედარებით, 45%-ით გაიზარდა. თუმცა, რომ არ დაგაბნიოთ, ამ სტატისტიკაში სრულად ელექტრო მოდელებიც შედის, მაგალითად, EV9. მიუხედავად ამისა, კორეული ავტომწარმოებელი მალე Telluride Hybrid-ის მიწოდებას დაიწყებს, რაც ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო გაზრდის.

მიუხედავად გასული წლის იანვართან შედარებით 6%-იანი ვარდნისა, რა თქმა უნდა, გაყიდვების რაოდენობით Toyota ორივე კორეულ ბრენდს აჭარბებს — იაპონურმა გიგანტმა აშშ-ში იანვარში 79 561 ელექტრიფიცირებული მოდელის გაყიდვა შეძლო.
თქვენ რომელი ბრენდის ჰიბრიდს მიანიჭებდით უპირატესობას, კორეული Kia-სა და Hyundai-ს, თუ Toyota-ს?