როგორ იმოგზაურა ფრანგმა მძღოლმა პარიზიდან ტოკიომდე 50 წლის Peugeot 104-ით?
პარიზიდან ტოკიომდე მოგზაურობა არც ისე მარტივი და ხელმისაწვდომი საქმეა, თუმცა არც იმდენად რთულია, რომ ადამიანი 50 წლის Peugeot 104-ს მოახტეს და საავტომობილო გზას დაადგეს. ალბათ, მეთანხმებით, თუმცა რენან ფავინი არ დამეთანხმებოდა. ფრანგი მძღოლი სწორედ ასე მოიქცა და თავისი გადაწყვეტილებაც საინტერესოდ ახსნა:
„ამას მდიდრული კემპერით ყველა იზამდა — ადამიანები აღჭურვილობაზე ათიათასობით ევროს ხარჯავენ. მე მინდოდა შემემოწმებინა, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა ტრანსპორტით, რომელსაც რიგითი ადამიანებიც გასწვდებიან", — განაცხადა ფავინმა.

ეს კონკრეტული 104 რენანის პირველი ავტომობილი იყო. სრულად ქარხნული მონაცემების მქონე მანქანა მან 10 წლის წინ, 1000 ევროდ შეიძინა. ამ მომენტში, ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მასში ხსენებულ თანხასაც არავინ გადაიხდიდა, თუმცა მძღოლის თქმით, მოგზაურობის დასაწყისში ფრანგული კომპაქტი კარგ მდგომარეობაში იყო და ეს კვალი კონტინენტთაშორისმა მოგზაურობამ დაატყო.
„ყოველთვის მსურდა, დიდებული მოგზაურობის მონაწილე ვყოფილიყავი. სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, არ მესმოდა, რატომ არ იყენებდნენ ადამიანები ავტომობილებს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ. მინდოდა მენახა, შევძლებდი თუ არა მე, მექანიკოსის უნარების არმქონე რიგითი ბიჭი, შეზღუდული ბიუჯეტით, ამ გეგმის სისრულეში მოყვანას", — აცხადებს ფრანგი მძღოლი.
2024 წლის შემოდგომაზე, რენანმა მომზადება დაიწყო — დატვირთა პეჟო სათადარიგო ნაწილებითა და მზის პანელით, რათა გაჯეტები და ვიდეოკამერა მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა. ასევე, მოიმარჯვა ტანსაცმლით სავსე ერთი ზურგჩანთა, კარავი და გზას გაუდგა.
მოგზაურობის მე-2 დღეს საბურავი დაზიანდა, მე-3 დღეს — ჩასასხმელი ყელიდან საწვავმა გადმოღვრა დაიწყო. ამ საკმაოდ მარტივად გამოსასწორებელ ხარვეზებს რენანი არ შეუჩერებია, რადგან, როგორც თავად ამბობს, „ვერ გაუბრაზდები 50 წლის მანქანას იმის გამო, რომ კონტინენტთაშორისი მოგზაურობა არ ხიბლავს“. ამის შემდეგ, ფრანგი მძღოლი დადგა იმ დილემის წინაშე, თუ საიდან გაეგრძელებინა გზა — ჩინეთის გავლით, თუ რუსეთის. არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ შეჩერდა, რადგან ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში შესასვლელად ჩინურენოვანი მოწმობაა საჭირო...
შესაბამისად, მოგზაური თურქეთის გავლით შემოვიდა საქართველოშიც, საიდანაც ჩრდილოეთით გადაინაცვლა. რუსეთის გავლით მგზავრობას უპრობლემოდ არ ჩაუვლია — ავტომობილს უკნიდან დაეჯახნენ და ხანდაზმული 104 ფრანგული ბულდოგის სახესავით დაიჭმუჭნა. ეს ძალიან ცივი ზამთრის შუაგულში მოხდა, რამაც მოგზაურობა ძალიან შეაფერხა. როგორც კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ავტომობილი შეკეთდა, ფრანგული მოგზაურობა ვლადივოსტოკამდე გაგრძელდა, სადაც მანქანის ადგილი სამხრეთ კორეისკენ, ბუსანისკენ მიმავალ სატვირთო გემზე მოინახა. 

ამის შემდეგ კი მგზავრობა ძალიან გამარტივდა — ბუსანიდან საავტომობილო ბორანით მძღოლმა იაპონიის ზღვა გადალახა და შუაგულ ზაფხულში, 38-გრადუსიან სიცხეში, კონდიციონერის არმქონე Peugeot 104-ით ამომავალი მზის ქვეყნამდე მიაღწია...
როგორც კი იაპონიის მიწაზე რენანმა და 104-მა ფეხი (და ბორბალი) დადგეს, ვარსკვლავებად იქცნენ... ტოკიოში ჩასულ მძღოლს Peugeot Japan-ის აღმასრულებელი დირექტორიც კი შეხვდა — მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ახლა საკითხავი ის არის, როგორ დაბრუნდება უკან რენან ფავინი?