აალება, ელექტრომობილები, უკან გაწვევა, მერსედესი, მერსედეს ბენცი
Aa
Aa

Mercedes-ი აალების საფრთხის გამო ათასობით ელექტრომობილს უკან გაიწვევს

Mercedes-Benz-ი აკუმულატორის პრობლემების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის შესახებ ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ანგარიშიდან ვიგებთ. ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, ის ავტომობილები, რომლებიც უკან გაწვევის სიაში არიან, ხანძრის საფრთხის გამო შენობებს გარეთ და მოშორებით გააჩერონ.

NHTSA-ს მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკან გაწვეული ავტომობილების ნაწილს „ნაკლებად გამძლე“ აკუმულატორის ელემენტები აქვს, რომლებიც ავტომობილის მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონური აკუმულატორისთვის შეუსაბამოა და, შესაბამისად, დატვირთვასაც ვერ უძლებენ. ანგარიშის მიხედვით, დეფექტი, სავარაუდოდ, წარმოების დროს დაშვებული შეცდომითაა გამოწვეული.

შედეგად, ეს აკუმულატორები მოკლე ჩართვის რისკის მატარებლები არიან, რამაც შესაძლოა „თერმული მოვლენა“ და ავტომობილის აალება გამოიწვიოს. NHTSA-ს განცხადებით, მანქანას მართვის ან პარკირების დროსაც კი შესაძლოა ხანძარი გაუჩნდეს. „თერმული ინციდენტის“ შემთხვევაში მძღოლებისთვის ხელსაწყოთა პანელზე გამაფრთხილებელი ნიშანი გამოჩნდება, თუმცა ეს არ ხდება გაჩერებული მანქანების შემთხვევაში.

Mercedes-Benz-ი მომხმარებლებს, რომელთა ავტომობილებსაც უკან გაწვევა ეხებათ, სთხოვს, ავტორიზებულ დილერებს ეწვიონ და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ახალი აკუმულატორები მიიღონ. თუმცა, ზომების მიღებამდე რეკომენდაციებსაც გასცემს და მოუწოდებს, მათი ავტომობილები შენობებისგან მოშორებით გააჩერონ და მხოლოდ 80%-მდე დამუხტონ.

NHTSA-ს მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკან გაწვევა Mercedes-Benz-ის 11 895 ერთეულ ელექტრო SUV-ს ეხება. ესენია:

  • 2022 და 2023 წლების 3 000-ზე მეტი Mercedes-Benz EQB 250+;
  • 2022 წლიდან 2024 წლამდე წარმოებული 1 700 ერთეული EQB 350 4MATIC;
  • 2022 წლიდან 2024 წლამდე წარმოებული დაახლოებით 6 500 ერთეული EQB 300 4MATIC.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელის შემთხვევაში წარმოების თარიღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 9 მაისამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები