ჩინურმა ავტომწარმოებელმა Ford-ი გლობალური ექვსეულიდან გამოთიშა
BYD წლებია საავტომობილო ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას აქტიურად ცდილობს და მეტ-ნაკლებად წარმატებითაც გამოსდის. ყოველ შემთხვევაში, შედარებით ხელმისაწვდომი და მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებით, BYD-მა EV-ების გაყიდვებით Tesla-საც გადაასწრო და გლობალურად პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კი ჩინური კომპანია პოზიციების დაწინაურებას ბევრად ფართო რეიტინგებშიც განაგრძობს.

ჩინურმა BYD-მ მსოფლიო მასშტაბით ავტომობილების გაყიდვებით Ford-ს გადაასწრო. გასულ წელს BYD-მ გლობალურად 4.6 მილიონი ერთეული მანქანა გაყიდა. ეს წინა წელთან შედარებით 7.7%-იანი ზრდაა, რის შედეგადაც ჩინურმა ავტომწარმოებელმა რეიტინგში მეშვიდედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში Ford-ის გაყიდვები 2%-ით შემცირდა 4.4 მილიონამდე. ეს საკმაოდ არასასიამოვნო უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ General Motors-მა 6.8%-იანი ზრდა დააფიქსირა და 6.18 მილიონამდე ავტომობილი გაყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე კარგი შედეგები დააფიქსირა, ის ევროპასა და ჩინეთში პოზიციების დაკარგვას განაგრძობს. ადგილობრივი მწარმოებლები, როგორებიცაა BYD, Xiaomi და Geely, სტაბილურად იკავებენ ბაზრის წილს შეღავათიანი და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ელექტრომობილების გაშვებით.
პარალელურად, BYD-მ ექსპორტი 1.05 მილიონ ერთეულამდე გაზარდა, რაც ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ბაზრებზე გაფართოებით იყო განპირობებული. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და წელს, პოტენციურად, 1.3 მილიონ ერთეულს მიაღწევს.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთი BYD-ის უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრად რჩება. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთში მის ელექტრო და PHEV მანქანებზე მოთხოვნა მცირდება. ასე რომ, საერთაშორისო ზრდა BYD-სთვის აუცილებელი ფაქტორი იყო. იანვარში ადგილობრივად მხოლოდ 205 518 მანქანა გაიყიდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 2025 წლის იანვარში გაყიდულ 300 538 ავტომობილთან შედარებით. BYD-მ განაცხადა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 125 377-დან 83 249-მდე შემცირდა, ხოლო PHEV-ების მიწოდება 171 069-დან 122 269-მდე.