„რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, გაყიდვების 60%-იანი ვარდნა გვაქვს“ | დილერების დიდი ნაწილი პრაქტიკულად გაჩერებულია
„გაყიდვების 60%-იანი ვარდნა გვაქვს“, — ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ქარ მარკის“ დამფუძნებელმა, ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებული კანონი ძალაში შევიდა, ავტოდილერების დიდმა ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა.
ირაკლი კუხიანიძის განმარტებით, სექტორი ამჟამად ალტერნატიული ბაზრების გააქტიურების მოლოდინშია, რათა დილერებმა სამუშაო სპეციფიკა და ავტომობილების შესყიდვის სტრატეგია ახალ მოთხოვნებს მოარგონ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა თანხა შედის ბიუჯეტში ავტომობილების აქციზიდან - სტატისტიკა
„რეგულაციამ ამ ეტაპზე დილერები დააბნია. ჯერ კიდევ არ იციან, რა ტიპის ავტომობილების იმპორტი განახორციელონ, ვინაიდან ჩვენი ბაზარი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ დილერებსა და რეექსპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ამჟამად კი დილერებმა არ იციან, რომელ მიმართულებაზე იმუშაონ. თანაც, ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს. პირობითად, ყაზახ დილერებს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები მოსწონდათ და გაჰყავდათ, სომხეთის ბაზარზე კი მოთხოვნა „მერსედესსა“ და „ბეემვეზე“ იყო. რეალურად, იმისათვის, რომ კონკრეტული ავტომობილის იმპორტი განახორციელო, ზუსტად უნდა იცოდე, რომელ ქვეყანაში რა მოთხოვნაა.
აღნიშნულმა კანონმა დილერებს ხელი იმაშიც შეუშალა, რომ რეექსპორტზე მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ავტომობილები კი არ გადის, არამედ შესაძლოა, უფრო ძველი, 10 წლის მანქანაც გაიყიდოს. იმ დილერებს, რომლებსაც ავტომობილები შემოჰყავთ, პირველადი გათვლა ყოველთვის რეექსპორტზე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მანქანას რეექსპორტზე ვერ ყიდიან, მხოლოდ ამის შემდეგ ახდენენ მის განბაჟებას და ადგილობრივ ბაზარზე, შედარებით დაბალ ფასად ცდილობენ რეალიზაციას.
ამ რეგულაციის მიღების შემდეგ, დილერებისთვის გაიზარდა რისკი, რომ 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილის ჩამოყვანისას, რეექსპორტის ჩაშლის შემთხვევაში, მისი განბაჟება მოუწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ განბაჟების ტარიფი ექვსმაგადაა გაძვირებული, ასეთი ავტომობილის ქართულ ბაზარზე რეალიზება, არარეალური ფასის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, — აცხადებს BPN-თან კუხიანიძე.
მისივე თქმით, ქართველ დილერებს ერთადერთ ვარიანტად ავტომობილის ტერმინალზე შეყვანა, გაჩერება და ყაზახი ან ყირგიზი დილერების ლოდინი რჩებათ. „თუმცა, ჩამოსული დილერი, რომელიც ხედავს, რომ ავტომობილი უკვე ტერმინალზე დგას და აცნობიერებს, რომ მისი საქართველოში დატოვება აზრს მოკლებულია, ცდილობს, გამყიდველს ფასი დააკლებინოს. ასეთ დროს დიდია ალბათობა, რომ ადგილობრივმა დილერმა თვითღირებულებაც ვერ აანაზღაუროს და მანქანა ზარალით გაყიდოს“.
ასევე იხილეთ: რატომ უნდა იყიდოთ 90-იანების მანქანა დღესვე?
„ჩემი დილერების დიდი ნაწილი, 60% უკვე ორი თვეა, რაც გაჩერებულია. დანარჩენი 40% კი, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე მუშაობს. საერთო ჯამში, გაყიდვების 60%-იანი ვარდნა გვაქვს. ეს ტენდენცია მხოლოდ ჩემთან არ ფიქსირდება. კომუნიკაცია მაქვს ბევრ კონკურენტ კომპანიასთან და ყველასთან იდენტური სიტუაციაა. გაყიდვები პრაქტიკულად ყველგან შეჩერებულია“, — განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი კუხიანიძემ.