ენერგოკრიზისის გამო, წელს გაყიდული ავტომობილების 30% ელექტრო იქნება
უახლესი ანგარიშით, წელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველწლიური ანგარიშის, „ელექტრომობილების გლობალური მიმოხილვის“ თანახმად, გასული წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ წელს ელექტრომობილების გაყიდვების მატებას კვლავ უნდა ველოდოთ, თან უფრო ძლიერი იმპულსით. წინასწარი შეფასებებით, EV-ების გაყიდვები წელს 23 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც საერთო რაოდენობის თითქმის 30%-ია.

ანგარიში ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და იმ პოლიტიკურ მდგომარეობას აანალიზებს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტრომობილებისა და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. ასევე განხილულია ის გავლენა, რასაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციით შექმნილი ენერგოკრიზისი EV-ებზე მოთხოვნაზე ახდენს.
შედარებისთვის, 2025 წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 20%-ით გაიზარდა და 20 მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ გლობალურად გაყიდული ავტომობილების მეოთხედი ელექტრო იყო. დაახლოებით 40 ქვეყანაში კი EV-ებმა ახალი მანქანების გაყიდვების 10% ან მეტი შეადგინა.
წარმოების თვალსაზრისით პირველი ჩინეთია: მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ელექტრომობილების 60% ჩინურ ავტომწარმოებლებზე მოდიოდა, ხოლო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კომპანიებზე 15%-15% გადანაწილდა.

ჩინეთსა და აშშ-ში, შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით დაეცა. თუმცა სხვა რეგიონებში ზრდამ ეს კლება გადაფარა. მაგალითად, ევროპაში გაყიდვები წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა; აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩინეთის გამოკლებით — 80%-ით; ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნებში — 75%-ით.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ამასთანავე, მარტში მსოფლიოს თითქმის 90 ქვეყანაში გაყიდვების წლიური ზრდა დაფიქსირდა, მათგან კი დაახლოებით 30-ში ყოველთვიური გაყიდვების რეკორდი მოიხსნა.
ნავარაუდებია, რომ 2035 წლისთვის, ყოველგვარი ხელშეწყობისა და შეღავათების გარეშეც, ელექტრომობილების რაოდენობა 510 მილიონამდე გაიზრდება მაშინ, როდესაც დღეს ეს მაჩვენებელი 80 მილიონსაც არ შეადგენს. ჩინეთი კვლავ გლობალურ ჰაბად რჩება. გასულ წელს გლობალურად წარმოებული თითქმის 22 მილიონი ელექტრომობილიდან თითქმის 75% ჩინეთზე მოდიოდა.