Ferrari ახალ ეპოქას ოფიციალურად იწყებს | იტალიელებმა პირველი ელექტრომობილი წარადგინეს
ლოდინი დასრულდა. მარანელო თავისი მრავალწლიანი ისტორიის ახალ, ელექტრიფიცირებულ ეპოქას იწყებს. იტალიელებმა დაპირებული ელექტროსპორტქარი Ferrari Luce წარადგინეს, რომელიც ავტომწარმოებლისთვის პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი გახლავთ. Ferrari-მ ეს მოდელი ჯერ კიდევ წლების წინ დააანონსა, თუმცა ოფიციალური დებიუტი მხოლოდ წელს, უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის 25 მაისს, რომში შედგა. ახლა გადაწყვეტილება თქვენზეა: ეს მოდელი ან გიყვართ, ან გძულთ... ალბათ შუალედი აქ არ არსებობს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
როგორც იცით და აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, სახელწოდება Luce, რომელიც Ferrari-მ თავისი პირველი სრულად ელექტრო მოდელისთვის შეარჩია, იტალიურად „სინათლეს“ ნიშნავს. ამ დრომდე იტალიური კომპანია მის შესახებ მხოლოდ მცირე დეტალებს გვიზიარებდა, მათ შორის სუპერქარის შესაძლო ინტერიერს, თუმცა ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
Ferrari-ს ინფორმაციით, Luce მარანელოს ისტორიაში რიგით მეორე მოდელი იქნება Purosangue-ს შემდეგ, რომელსაც უკანა კარები ექნება. თუმცა, განსხვავებით Purosangue-სგან, რომელიც ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილი SUV გახლავთ, ელექტროსპორტქარი „გრანდ-ტურერის“ სახით იქნება წარმოდგენილი. Luce სრულიად ახალ პლატფორმაზეა აგებული: Ferrari თავის სრულიად ახალ მოდელს ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავით აღჭურვავს, რომლებიც კომპანიის შიდა გუნდის მიერაა შემუშავებული. ოთხივე ელექტროძრავის კომბინირებული სიმძლავრე კი 1 050 ცხენის ძალას აღწევს.


თითოეულ ბორბალს Ferrari-ს გუნდის მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული ელექტროძრავა ამუშავებს. წინა ძრავები წუთში 30 000 ბრუნს, ხოლო უკანა 25 500 ბრუნს ავითარებენ. ეს ძრავები Ferrari F80-ის პროგრამიდანაა მიღებული და Formula 1-ისა და გამძლეობის რბოლების ტექნოლოგიებისა და გამოცდილების ბაზაზე შეიქმნა. უკანა ძრავები (თითოეული) 355 კილოვატს, ხოლო წინა ძრავები — 105 კილოვატს გამოიმუშავებენ. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მართავს Ferrari ამ სრულ სიმძლავრეს. მაბრუნი მომენტის, ტრანსმისიის ტიპისა და საერთო წარმადობის ცვლილებაზე E-Manettino-ს რეჟიმებია პასუხისმგებელი.
შედეგად ასეთ სურათს ვიღებთ:
Range Mode: 320 კვ (430 ცხენის ძალა), უკანა ამძრავი და მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ.
Tour Mode: 460 კვ (617 ცხ.ძ.), სრული ამძრავი (AWD) ყოველდღიური მართვისთვის.
Performance Mode: 725 კვ (986 ცხ.ძ.), მუდმივი AWD და 310 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე.
Launch Control: სრული 1 050 ცხენის ძალა. Ferrari-ს განცხადებით, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.5 წამი, ხოლო 0-200 კმ/სთ-მდე — 6.8 წამი სჭირდება.
აქვე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს იქნება ყველაზე მძიმე ავტომობილი, რომელიც კომპანიას ამ დრომდე შეუქმნია. Luce-ს წონა, სავარაუდოდ, 2 300 კილოგრამია, წონის გადანაწილება ღერძებს შორის კი — 47:53 პროპორციით დაცული.

ასევე საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. Ferrari-მ თავის ელექტრომობილს საჭისქვეშა გადამრთველები დაუყენა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ მოდელში სიჩქარეების ცვლილებაზე პასუხისმგებელი არაა. ამის ნაცვლად კი დანერგილია Torque Shift Engagement სისტემა, რაც გულისხმობს, რომ მძღოლი მაბრუნი მომენტის მიწოდების ინტენსივობას მარჯვენა, ხოლო რეგენერაციული დამუხრუჭების ინტენსივობას მარცხენა გადამრთველით აკონტროლებს. ორივე მათგანს სულ ხუთი დონე აქვს და მოსახვევებში მართვადობის ხარისხი სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
Luce-ში მოთავსებულ ელექტროაგრეგატებს საჭირო ენერგიით 122 კვტ.სთ ტევადობის ბატარეების ბლოკი მოამარაგებს. WLTP-ის ციკლით, Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით 530 კილომეტრს დაფარავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Ferrari-ს მფლობელებს ელექტრომობილის დამუხტვაზე ბევრი დროის დაკარგვა არ მოუწევთ, რადგან Luce-ს 350 კვტ-მდე სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერა ექნება.

თუმცა არ გეგონოთ, რომ Ferrari სხვა ელექტრომობილების მსგავსად ჩუმი იქნება. ავტომწარმოებლის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის, ჯანმარია ფულჯენცის განცხადებით, Luce-ს ჟღერადობაზე მუშაობა ალბათ მარანელოს გუნდისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოცდილება იყო.
Ferrari-ს შეეძლო მარტივი ხერხისთვის მიემართა და Luce-სთვის თავისი ლეგენდარული V12-ის ჟღერადობა ჩაეწერა, თუმცა ასე არ მოიქცა. მათ სურდათ, რომ მძღოლს ის მექანიკური ხმა გაეგო, რომელსაც თავად ავტომობილი გამოსცემს. ამისთვის კი შექმნეს და დააპატენტეს სისტემა, რომელიც იყენებს აქსელერომეტრს, რათა ელექტროძრავებიდან და უკანა შასიდან რეალური ვიბრაციები დაიჭიროს. სპეციალური ალგორითმი კი არასასიამოვნო სიხშირეებს ფილტრავს და სუფთა ჟღერადობას გვაწვდის. თუმცა მისი სიმძლავრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეჟიმზე მართავთ ავტომობილს. მარტივი მისახვედრია, რომ თქვენი ელექტრომობილი ყველაზე ხმამაღალი და სპორტული ჟღერადობის Performance Mode-ზე იქნება.

Luce-ს დიზაინზე Centro Stile-მა და LoveFrom-მა ერთობლივად იმუშავეს. ეს უკანასკნელი დიზაინერ ჯონი აივის მიერ დაარსებული სტუდიაა — ადამიანის, რომელსაც პირველი iPhone-ის საკულტო იერი ეკუთვნის. საბოლოო შედეგი ასეთია: ავტომობილის სიგრძე 501.9 სანტიმეტრია (დაახლოებით Tesla Model S-ის ზომა), სიგანე — 200 სანტიმეტრი, სიმაღლე — 154 სანტიმეტრი, ხოლო Purosangue-თან შედარებით 5.1 სანტიმეტრით დაბალია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბოლოო შედეგი თითქმის არაფრით ჰგავს იმ დიზაინებს, რომლებიც ოფიციალურ დებიუტამდე რენდერების სახით ვრცელდებოდა.
აეროდინამიკა ავტომწარმოებლისთვის აშკარად პრიორიტეტი იყო. ვინაიდან ელექტრომობილში Ferrari-ს მასიური V12 ძრავა აღარაა, მარანელოს დიზაინერები სუპერქარების კლასიკური პროპორციებით შებოჭილნი არ არიან. შედეგად, ჰაერის წინააღმდეგობის საოცრად დაბალი კოეფიციენტი — 0.254 cD მივიღეთ, თანაც ეს აქტიური აეროდინამიკური ელემენტების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს Ferrari-ს გუნდის მიერ გააზრებული გადაწყვეტილება გახლდათ, რათა ელექტრომობილი ბევრად მსუბუქი და ვიზუალურად „დახვეწილი“ გამოსულიყო. ასევე საინტერესოა, რომ პირველ ელექტრომობილზე იტალიელებმა სერიული Ferrari-სთვის ყველაზე დიდი დისკები გამოიყენეს — 23-დუიმიანი წინ და 24-დუიმიანი უკან.


მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ინტერიერია, რომლის ფრაგმენტები ჩვენ აქამდეც გვქონდა ნანახი. ჯონი აივის გავლენა ყველაზე მკაფიოდ სწორედ აქ იგრძნობა და განსაკუთრებით დისპლეების გრაფიკასა და ანიმაციებში აისახება. საინტერესოა, რომ Luce-ს შემთხვევაში, რომელიც ალბათ Ferrari-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულზე ორიენტირებული მოდელია, ეკრანების სიმრავლეს ვერ შევხვდებით. წინა მგზავრს საკუთარი, დამოუკიდებელი დისპლეიც არ აქვს, თუმცა შეუძლია ცენტრალური ეკრანი მისკენ მოაბრუნოს. პრაქტიკული სიახლეა ხუთი სრულფასოვანი სავარძელი, რომელიც მეხუთე მგზავრს საშუალებას აძლევს ელექტრომობილში კომფორტულად მოკალათდეს.
ასევე იხილეთ: დიზაინის პოეზია — Ferrari-მ Luce-ს ინტერიერი წარადგინა
რაც შეეხება ფასს: Ferrari-ს პირველი ელექტრომობილის ფასი 550 000 ევროდან (არსებული კურსით დაახლოებით 640 000 აშშ დოლარიდან) იწყება. თუმცა კომპლექტაციის შესაბამისად მისი ღირებულებაც გაიზრდება. გაყიდვების დაწყებას კი, სავარაუდოდ, ევროპაში მიმდინარე წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის ბაზარზე Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი, სავარაუდოდ, 2027 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება.
თქვენ რას ფიქრობთ Ferrari-ს პირველ ელექტრომობილზე? გაამართლა Luce-მ თქვენი მოლოდინები, თუ Ferrari-მ მრავალწლიანი ტრადიციების ღალატით „უპატიებელი შეცდომა“ დაუშვა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!