ელექტრომობილები, ტესლა, ჰონდა, ხელნაკეთი, ჰონდა ცეერიქსი
Aa
Aa

ვიღაცამ Tesla-მდე ათწლეულებით ადრე ელექტრო Honda CRX ააწყო | თუმცა ის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა

ელექტრომობილების პოპულარობის ზრდასა და ფართო მასებისთვის წარდგენაში Tesla-ს როლი უმნიშვნელოვანესია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ელექტრომობილების ისტორია ამ ამერიკულ მწარმოებელთან ერთად დაიწყო. საუკუნის წინაც ელექტროძრავები შიგაწვისა და ორთქლის ძრავებს კონკურენციას უწევდნენ, რათა ავტოინდუსტრიაში დომინანტური ძალა გამხდარიყვნენ.

მაშინ სამყარო ელექტრომობილებისთვის მზად ნამდვილად არ იყო და ელექტროძრავებიც ამ ბრძოლაში „მწარედ“ დამარცხდნენ. თუმცა, ამას ენთუზიასტები არ შეუჩერებია და ისინი მაინც აწყობდნენ საკუთარ ელექტრომანქანებს. სწორედ ასეთი ხელნაკეთი პროექტების უიშვიათესი რელიქვიაა კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, ავტონაწილების ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი პირველი თაობის CRX. ეს არის მოდელი, რომელიც ელექტრომობილისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დეტალითაა აღჭურვილი — ბატარეით, დამტენითა და დასამუხტი პორტით. 

ახლა უკვე დაშლილ და დაჟანგულ CRX-ს გარედან ელექტრომობილების სტიკერები კვლავ აკვრია. მათ შორის არის მინიშნება საწვავის მაღალ ფასზე, რაც დღესაც, სამწუხაროდ, აქტუალურია. სალონში კი უმეტესი ნაწილი ხელითაა დამზადებული. ბატარეის ბლოკი სავარძლის უკანაა დამონტაჟებული, მართვის ელექტრონიკა კი ყველა თავისუფალ ადგილასაა „ჩაკვეხებული“. მძღოლის მხარესაა მოთავსებული K&W BC-20-იც, რომელიც იმ დროისთვის თვითნაკეთ ავტომობილებში გამოსაყენებლად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი გახლდათ.

21-ე საუკუნემდე, სანამ ავტომწარმოებლები ელექტრომობილებით ხელახლა დაინტერესდებოდნენ, მანქანების ელექტროვერსიებზე გადაკეთებით რამდენიმე კომპანია იყო ცნობილი. მაგალითად, Electric Vehicle Association-ი გადაკეთებულ Ford Fairmont-ებს ფედერალურ მთავრობაზე ყიდდა. ხოლო Sears XDH-1, რომელიც ელექტროძრავით აღჭურვილი Fiat 128 იყო, პირველი ელექტრომობილი გახდა, რომელმაც Pikes Peak-ის მთის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის გლობალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავად Honda-მაც კი შექმნა ელექტრო პროტოტიპი, რომელიც მეორე თაობის CRX-ზე დააფუძნა. ეს ერთგვარი სასწავლო პროექტი 1988 წელს შეიქმნა. ავტომობილი ერთი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი და 26 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. წონის მინიმუმამდე დასაყვანად ალუმინის კორპუსი და აკრილის შუშები გამოიყენეს.

შემდგომში ამ პროექტით მიღებული გამოცდილება Honda EV Plus-ს დაედო საფუძვლად — კომპაქტური ზომის EV-ს, რომელიც Honda-მ კალიფორნიის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანების მანდატის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოუშვა.

თუმცა Honda უფრო მეტად სხვა ტიპის ძალური აგრეგატის მქონე ავტომობილებით იყო დაინტერესებული. ამიტომაც, იმის მაგივრად, რომ მეორე თაობის ელექტრომობილი განევითარებინა, მან EV Plus-ის ძარის „ნარჩენები“ გამოიყენა და პირველი წყალბადზე მომუშავე მანქანა (FCX) შექმნა. მაშინაც კი, როდესაც სხვა კომპანიები, მაგალითად, Tesla და Nissan-ი თავისი Leaf-ით სტანდარტულ ელექტრომობილებს ავითარებდნენ, Honda ჯიუტად თავის აზრზე რჩებოდა, რომ მომავალი წყალბადის და ჰიბრიდულ ძრავებს ეკუთვნოდა. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ იაპონური კომპანია ელექტრომობილების დღევანდელ ბაზარს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები