საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა BMW-მ მაგისტრალზე რამდენიმე ავტომობილი გაანადგურა
ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ კვეთს BMW ბალახის გამყოფ ხაზს და რამდენიმე მანქანას ეჯახება.
ორმხრივი მაგისტრალის ბალახის გამყოფი ზოლი, წესით, ბუფერულ ზონად უნდა ჩაითვალოს და არა საწყის წერტილად. თუმცა ყველა ის დაწერილი და დაუწერელი კანონი, რომელიც გაგიგიათ ამ კვირაში, მასაჩუსეტსში მომხდარი ინციდენტის დროს დაირღვა — მაშინ, როდესაც BMW-ის მძღოლმა გამყოფი ზოლი გადაკვეთა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და რამდენიმე მანქანაც შეიწირა. საბედნიეროდ, მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა, თუმცა ამ ინციდენტმა შესაძლოა შტატს ახალი კანონმდებლობის შემოღებაც კი აიძულოს.

Route 3 North-ზე მომხდარი შემთხვევა ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს, როგორ გადადის გზიდან შავი ფერის BMW (სავარაუდოდ, BMW 4-Series Gran Coupe ან, შესაძლოა, i4), რის შემდეგაც ის სიჩქარეს კრეფს და ბოლოს ბალახის გამყოფ ზოლსაც კვეთს. ავტომობილი სანტიმეტრებით სცილდება ვერცხლისფერ SUV-ს და მეორე ავტომობილს ეჯახება.
ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, მძღოლი, რომელსაც BMW დაეჯახა, სამსახურიდან სახლში მიდიოდა და მას ავტომობილი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ჰყავდა ნაყიდი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. WCVB-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ავტომობილი, რომელსაც BMW დაეჯახა, Acura Integra იყო. დამატებით კი, ინციდენტის დროს ნარინჯისფერი Honda Fit-ი და შავი სედანიც დაზიანდნენ.
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შტატში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ავარია მოხდა. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ საპირისპირო ზოლზე მოძრავმა მძღოლმა მასაჩუსეტსის შტატის პოლიციის თანამშრომელი იმსხვერპლა. აღნიშნული შემთხვევის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ წამოაყენა საკითხი, რომელიც არასწორი მიმართულებით მოძრაობის პრევენციისთვის არსებულ პროგრამას გააფართოვებს.
2022 წლიდან მასაჩუსეტსის ტრანსპორტის დეპარტამენტი მზის ენერგიაზე მომუშავე მოციმციმე შუქებსა და კამერებს იყენებს — ისინი მძღოლებს პანდუსზე არასწორი მიმართულებით შესვლის დროს გამაფრთხილებელ სიგნალს აძლევენ, რათა გზის გაგრძელებამდე მათ გაჩერება მოასწრონ. ამჟამად შტატი ამ ქსელის გაფართოებასა და მსგავსი სისტემების ბევრად მეტ წერტილში დანერგვას ითვალისწინებს.
NBC Boston-ის მონაცემებით, 2020-დან 2025 წლამდე მასაჩუსეტსის ორმხრივ მაგისტრალებზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის მიზეზით სულ 338 ავარია მოხდა. საერთო ჯამში კი, ამ ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებს 42 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.