ნორმა ჯინ მორტენსონი | მსახიობი, რომელსაც 1950 წლის იდუმალი Mercedes 170S ეკუთვნოდა
მამაკაცი, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის წინ 1950 წლის Mercedes 170S შეიძინა, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის ხელში რეალურად ისტორიული წარსულის მქონე ავტომობილი მოხვდა. თუმცა დიდ საიდუმლოს ცოტა ხნის წინ ფარდა აეხადა და ეს მანქანაზე დატანილი იდუმალი ინიციალის — MM-ის წყალობით მოხდა.
თქვენ წინაშე 50-იანი წლების მდიდრული გერმანული ავტომობილია, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდელი, 1936 წელს გამოშვებული 170V-ის ბაზაზე შეიქმნა. ავტომობილი იმდენად დახვეწილი და განვითარებული იყო, რომ თავის ეპოქასაც მნიშვნელოვნად უსწრებდა: დამოუკიდებელი წინა საკიდარი, უკანა ქანქარა ღერძი, ხრახნიანი ზამბარები და ტელესკოპური ამორტიზატორები ამ მოდელს თავისი დროის ერთ-ერთ მოწინავე ავტომობილად აქცევდა.

გერმანელებმა Mercedes-ი 1.7-ლიტრიანი ძრავით აღჭურვეს, რომლის სიმძლავრეც 52 ცხენის ძალამდე იყო გაზრდილი. მისი საშუალებით 170S მაქსიმალურ სიჩქარეს 122 კმ/სთ-ს აღწევდა, თუმცა გადასაადგილებლად რეკომენდებული სიჩქარე 90-100 კმ/სთ-ით შემოიფარგლებოდა.
საიდუმლო ინიციალები
Mercedes 170S-ის შეძენის შემდეგ, ავტომობილის ახალი მფლობელის ყურადღება ერთმა დეტალმა მიიპყრო. მანქანის ხელსაწყოთა პანელზე, ისევე როგორც ჩემოდნებზე, რომლებიც მოდელს თან ახლდა, ინიციალები „MM“ იყო ამოტვიფრული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციალები ავტომობილზე ქარხნულად დატანილი არ იყო, მფლობელს მისი მოხსნა შეეძლო, თუმცა ინტუიციამ რატომღაც უბიძგა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. შემდგომ კი, მათი წარმომავლობის დასადგენად, საფუძვლიანი გამოძიებაც დაიწყო.

ავტომობილის მფლობელმა, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, თავდაპირველად ინფორმაცია ავტომობილის რეგისტრაციის ჩანაწერებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან გამოითხოვა. საბოლოოდ კი სადაზღვევო პოლისი აღმოაჩინა, რომელსაც ხელს მერლინ მონრო აწერდა — თუმცა არა თავისი სასცენო, არამედ ნამდვილი სახელით: ნორმა ჯინ მორტენსონი.

დოკუმენტი ავთენტურია, რადგან ის დამოწმებულია როგორც ნოტარიულად, ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ. ამავდროულად, ავტომობილის კლასიფიკაციაში მითითებული იყო, რომ ის წარმოადგენდა „სპეციალური კატეგორიის ტრანსპორტს“ — ამ სტატუსს კი იმ დროს მხოლოდ განსაკუთრებული გავლენის მქონე პირებს ანიჭებდნენ. აქვე საინტერესოა, რომ ის სადაზღვევო, რომელშიც ავტომობილის დოკუმენტაცია აღმოაჩინეს, საბერძნეთში მდებარეობს, მერლინ მონრო კი იქ 1956 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ცხოვრობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილი 1950 წელსაა გამოშვებული, დიდი ალბათობით, მსახიობმა ის უკვე მეორად მდგომარეობაში შეიძინა.

ავტომობილის წარმომავლობის დადგენის შემდეგ, მფლობელმა გადაწყვიტა მისთვის სრული რესტავრაცია ჩაეტარებინა და პირვანდელი სახე დაებრუნებინა. Brookfield Classic Cars-ის სპეციალისტებმა ის ჭანჭიკებამდე დაშალეს და ხელახლა ააწყვეს — ქარხნული ნაწილებისა და იმ პერიოდის მეთოდებით დამზადებული დეტალების გამოყენებით.
ახლა კი, მერლინ მონროს Mercedes-ი აუქციონზეა გამოტანილი და ახალ მფლობელს ელოდება. მოდელი აუქციონის სახლმა Iconic Auctioneers-მა წარადგინა და მისი საწყისი ფასი 160 000 ევროა. ეს კი საკმაოდ ადეკვატური ღირებულებაა ავტომობილისთვის, რომელიც ზედმიწევნითაა რესტავრირებული და ოდესღაც მსოფლიო კინოს უდიდეს ვარსკვლავს ეკუთვნოდა.