რეკორდი, ტოიოტა, სელიკა, ტოიოტა სელიკა
Aa
Aa

600 ცხ.ძ-იანმა Toyota Celica-მ 23 წლის წინანდელი რეკორდი დაამხო

ალბათ, არავინ ელოდა, რომ ძველი Celica აღმართის დაძლევისას ყველაზე სწრაფი აღმოჩნდებოდა, თუმცა ამ მოდელისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ...

რაიან ტიურკი ვერმონტის შტატში, Mount Ascutney-ზე, თავისი 600 ცხენის ძალის მქონე Celica GT411-ით გამოცხადდა — ავტომობილით, რომელიც რალიში Toyota-ს მემკვიდრეობის პატივსაცემად შეიქმნა — და საბოლოოდ ასპარეზობა 23-წლიანი რეკორდის მოხსნით დაასრულა. ტიურკის თანამედროვე სარბოლო ტექნოლოგიებით აღჭურვილმა Celica GT411-მა ტრასა 3:16.143 წუთში დაფარა და აღმართზე რბოლის რეკორდი დაამხო, რომელიც თითქმის 23 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

შედეგად კი გამოსვლა, რომელიც წესით ერთი რიგითი შეჯიბრება (ტესტირება) უნდა ყოფილიყო, Toyota-ს ბაზაზე შექმნილი პროექტების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად იქცა.

GT411-ს ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი, 1994 წლის Toyota Celica GT-ის ძარა აქვს, თუმცა მის მიღმა გაცილებით სერიოზულ სამუშაოებს მალავს. მოდელი Toyota-ს თანამედროვე სამცილინდრიანი ტურბოძრავის, G16E-ს გაუმჯობესებულ ვერსიას იყენებს და სრულამძრავიან მოდელადაა შექმნილი, რომლის მთავარი დანიშნულებაც აღმართების დაძლევაა. ამ კონკრეტული კონფიგურაციით, Celica-ში მოთავსებული ძრავა 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მას სასტიკ აჩქარებასა და აღმართებზე წარმოუდგენელ სიჩქარეს ანიჭებს.

ტიურკის პროექტი პატივს მიაგებს Toyota-ს ლეგენდარულ Celica GT-Four-ის რალის ეპოქას, თუმცა არ იფიქროთ, რომ ის მხოლოდ რესტავრაცია ან მისი რეტროვერსიაა. ეს მოდელი ლეგენდარული ავტომობილის სრულიად თანამედროვე რეინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად სამთო გზების დასაპყრობად შეიქმნა. გრძელსვლიანი საკიდარი, განახლებული გეომეტრია, რალის სპეციფიკაციების აღჭურვილობა და აგრესიული აეროდინამიკა გახდა იმ შედეგების საწინდარი, რომლებიც მან საბოლოოდ Mount Ascutney-ზე დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია

თავის დროზე Celica GT-Four ST185-მა რალის ისტორიაში Toyota-ს ერთ-ერთი უდიდესი მანქანის წოდება ღირსეულად დაიმსახურა. მან იაპონურ კომპანიას საუკეთესო მწარმოებლის ტიტული ორჯერ მოუტანა და დაამტკიცა, რომ სრულამძრავიანი ტურბო-მანქანა შეიძლება იმდენად გამძლე და კარგად დაბალანსებული იყოს, რომ სრულიად განსხვავებული სტილის მქონე მრბოლელებმაც კი მარტივად შეძლონ მის საჭესთან გამარჯვების მოპოვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები