აუქციონი, პიკაპი, კლასიკური ავტომობილები, ფორდი, ფორდ ეფ-150
Aa
Aa

აუქციონზე 1983 წლის ხელუხლებელი Ford F-150 XLT Lariat-ი იყიდება

1983 წელს ერთი რიგითი ამერიკელი მძღოლი ფორდის სადილეროში მივიდა და 10 631$-ად ახალი Ford F-150 XLT Lariat-ი შეიძინა. ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 34 612$-ია, თუმცა მოდელი, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ, ამაზე ბევრად ძვირი ღირს.

ლეგენდარული პიკაპი სამუშაო მანქანად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, საბოლოოდ, 43-წლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ 5800 კილომეტრი გაიარა და დროის უდიდესი ნაწილი ფარეხში დაჰყო — ახლა კი მას აუქციონზე ვიხილავთ. 


განცხადების ავტორმა პიკაპი თავდაპირველი მფლობელისგან ცოტა ხნის წინ შეიძინა და მისი მდგომარეობა იმდენად იდეალურია, რომ Bring a Trailer-თან მიყვანამდე ავტომობილს შემოწმებაც კი არ დასჭირდა. დიახ, მანქანა ძველია — დიახ, ის თანამედროვე სტანდარტებით მოკრძალებულია, თუმცა საავტომობილო კლასიკით დაინტერესებულთათვის, ის ნამდვილი განძია. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია ქრომირებული დეტალების, სპილოსძვლისფერისა და წითლის ულამაზესი კომბინაცია, რომელიც პიკაპის ექსტერიერს ამშვენებს — ხელუხლებლადაა შემორჩენილი 15-დუიმიანი დისკები და General Steel Radial საბურავებიც. ერთი სიტყვით, გარეგნულად ავტომობილი ისე გამოიყურება, თითქოს 1983 წელი გასულ კვირას დასრულდა. სანამ ავტომობილის ინტერიერს განვიხილავთ, იხილეთ ჩვენი ვიდეო Ford-ის ისტორიაზე და გამოგვიწერეთ Youtube-ზე. 

1983 წლის ინტერიერი და ძალური აგრეგატი

ისტორია გრძელდება ავტომობილის სალონშიც — ტყავისა და ნაჭრის კომბინაციით შექმნილი წითელი კაბინას, თითქოს მძღოლი და მგზავრები არასდროს უნახავს. ხელუხლებლადაა შენარჩუნებული კარის პანელები, ხელსაწყოთა დაფა, ხალიჩები, AM/FM რადიო, კონდიციონერი, საჭის გამაძლიერებელი და ორქიმიანი, შავი საჭე. 

კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი, ატმოსფერული Windsor V8 ძრავის ხილვა შეგიძლიათ, რომელიც 133 ცხ.ძ-სა და 45 ნიუტონს გამოიმუშავებს — ეს სიმძლავრე ბორბლებს 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა. მართალია, თანამედროვე Maverick-ი ამაზე ორჯერ მძლავრია, თუმცა, თუ არჩევანის წინაშე დავაყენებთ, ალბათ, ავტომოყვარული ასიდან ასჯერ ამ F-150-ს აირჩევდა.

თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ განაცხადს თვალი ამ ბმულზე მიადევნოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები