ევროპის ქვეყნები, რომლის მოსახლეობაც სატრანსპორტო ხმაურით ყველაზე მეტად ზიანდება
ხმაურის მაღალი დონის ხანგრძლივი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლურ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული. უახლესი კვლევის თანახმად, მსგავსი რისკის ქვეშ მხოლოდ ევროპაში დაახლოებით 112 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც კონტინენტის მოსახლეობის თითქმის 20%-ია. „ჭარბი“ მაჩვენებელი ხმის წლიურ საშუალო დონეს გულისხმობს, რომელიც დღე-საღამო-ღამის პერიოდში 55 დეციბელზე, ხოლო ღამით 50 დეციბელზე მეტია.

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) მონაცემებით, სატრანსპორტო ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება კონტინენტის მასშტაბით დაახლოებით 66,000-მდე ნაადრევი სიკვდილის, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 50,000 ახალი შემთხვევისა და მე-2 ტიპის დიაბეტის 22,000 შემთხვევის გამომწვევ მიზეზად სახელდება. მაღალი ხმაურის გამომწვევ საფრთხეებს შორის პირველი საგზაო მოძრაობაა — მათ შორის ავტომობილები, ველოსიპედები და ფურგონები, რაც 92 მილიონ ადამიანს აზიანებს. ჭარბი ხმაურის მეორე ყველაზე გავრცელებული წყაროა რკინიგზა — 18 მილიონი მოსახლე, შემდეგ მოდის თვითმფრინავების ხმაური, რომელიც 2.6 მილიონს აზიანებს.

EEA-ს თანახმად, სატრანსპორტო ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედებით ყველაზე მეტად ფრანგები ზარალდებიან — 20 მილიონზე მეტი მოსახლე ქუჩის ხმაურის ზემოქმედების ქვეშაა, რომლის დონეც დასაშვებ 55-დეციბელიან ზღვარს აჭარბებს. რკინიგზასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს იტალიას, სადაც დაახლოებით 5.3 მილიონი ადამიანი რკინიგზის დასაშვებზე მაღალი დონის ქვეშაა. ამასობაში კი გერმანიას თვითმფრინავების ხმაურთან უწევს გამკლავება, რითაც მილიონამდე ადამიანი ზიანდება.
ამ მაჩვენებლის საპირისპიროდ, ევროპის ყველაზე მშვიდი ქვეყნები სლოვაკეთი, პორტუგალია და ესტონეთია. ესტონეთში ღამით სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ხმაურის მაღალი დონე მხოლოდ მოსახლეობის 3%-ში ფიქსირდება. როგორც EEA თავის უახლეს ანგარიშში აღნიშნავს, სიჩუმის ძიება ევროპის მოსახლეობისთვის მარტივი არაა, რადგან რეალურად მხოლოდ 34%-ს აქვს წვდომა გამწვანებულ და წყნარ ადგილებზე, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლიდან 400 მეტრის ფეხით სავალ მანძილზეა.

ადამიანის ჯანმრთელობის გარდა, ხმაურის დაბინძურების მაღალმა დონემ დიდი შანსია გარემოც დააზიანოს. მაგალითად, ხმაურის დასაშვებზე მაღალი დონე Natura 2000 ქსელში დაცული ტერიტორიების სულ მცირე 29%-ზე ახდენს უარყოფით გავლენას, მათ შორის ზიანს აყენებს ველურ ბუნებასა და წყლის ჰაბიტატებს.
Top10 ევროპის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ხმაურით ყველაზე მეტად ზიანდება: საფრანგეთი - 24 276 600 პირი; გერმანია - 21 894 300; იტალია- 14 529 500; ესპანეთი - 11 748 000; პოლონეთი - 5 278 200; რუმინეთი - 4 395 400; ნიდერლანდები - 4 291 600; შვედეთი - 2 985 800; ბელგია - 2 941 200; ავსტრია - 2 901 600.