კლასიკური ავტომობილები, მერსედესი, ტუნინგი, მერსედეს 280 ეს ი
Aa
Aa

ტუნერებმა 1969 წლის Mercedes 280SE აღადგინეს და 5.4-ლიტრიანი ძრავით აღჭურვეს...

ძალიან ხშირად, რესტავრაცია პროგნოზირებად გზას მიჰყვება — ჩადგით თანამედროვე ძალური აგრეგატი ვინტაჟურ მანქანაში, დაამონტაჟეთ სალონში თანამედროვე ტექნოლოგია, „გაალამაზეთ“ ექსტერიერი მბზინავი ბამპერებითა და ცხაურით და დაიხურეთ ქუდი... ზოგჯერ შედეგი კარგი გამოდის, ხშირად კი პირიქით — ძველი ავტომობილის ხასიათი ამ პროცესში იკარგება... ამ 1969 წლის Mercedes-Benz 280SE-ის რესტავრაცია კი ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის. 

ჩრდილოეთ კაროლინაში დაფუძნებული Retro Designs-ის ტუნერებმა კლასიკური მერსედესი შესანიშნავად განაახლეს — ერთი შეხედვით, ავტომობილი 60-იან წლებში გამოგზაურებთ, პერფორმანსით კი კვლავ 21-ე საუკუნეში დაგტოვებთ. თავისუფლად შეგვიძლია ვიხუმროთ, რომ ეს ყველაზე სწრაფი 280SE-ია, რომელიც ოდესმე აუწყვიათ.

ყველაზე დიდი ცვლილება მანქანის ძრავაა — თავდაპირველი აგრეგატი აქ 5.4-ლიტრიანმა, ატმოსფერულმა V8-მ ჩაანაცვლა, რომელსაც თანამედროვე C55 AMG-ში ვხვდებით. ძრავა 367 ცხ.ძ-სა და 510 ნიუტონს გვთავაზობს, რაც 280SE-ის ტრადიციულ სიმძლავრეზე ბევრად მეტია. ცხადია, შეიცვალა ყველა სადენი, საწვავის ავზი, რადიატორი და გამოსაბოლქვი სისტემაც. 

განახლებული სიმძლავრის მხარდასაჭერად, ტუნერებმა გადააკეთეს ავტომობილის კონსტრუქციაც. 280SE გადააწყვეს სპეციალურად შემუშავებულ შასიზე, რომელიც საკიდრის თანამედროვე კომპონენტები თა და Brembo-ს მუხრუჭებითაა აღჭურვილი.

ვინტაჟური შარმის შენარჩუნება

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სედანის ექსტერიერი პროცესში არ დაკარგულა. მეტიც, მისი გარჩევა სხვა „თანამოძმეებისგან“, ფაქტობრივად, შეუძლებელია. განსხვავება მხოლოდ ფერი (Axalta Chromax XP Irish მწვანე) და 20 000$-იანი ნაჭედი დისკებია...

შენარჩუნებულია ტრადიციული, ქრომირებული ბამპერები, ისევე როგორც დიდი ზომის ცხაურა, უკანა ხედვის გვერდითა სარკეები და განათებები. LED-ს, საბედნიეროდ, ვერ ვხედავთ... 

ანალოგიურად, თითქმის უცვლელია ინტერიერიც. Retro Designs-ის ტუნერებმა კაბინა ახალი, ყავისფერი ტყავით შეფუთეს და მანაწილებელი მოწყობილობა შეცვალეს. ასევე, შეიცვალა ხის გაცვეთილი აქცენტები. სიჩქარეთა გადამრთველი, საჭე და სხვა დეტალები ხელუხლებელია. თანამედროვეობის ელემენტია JL Audio-ს მცირე ზომის მაგნიტოფონიც, რომელიც ხელსაწყოთა დაფის ცენტრშია განთავსებული. 

„ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა მოდელის უკვდავი სახე და ამავდროულად, საფუძვლიანად შეცვალა მანქანა ისე, რომ შეგვიძლია ვთქვათ — ეს ყველაზე სწრაფი 280SE-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა“, — განაცხადა Retro Designs-ის გენერალურმა მენეჯერმა.

ტუნინგ-ატელიეს ცნობით, განახლებული 280SE ერთადერთი რესტავრირებული მოდელი იქნება და, შესაბამისად, 500 000$ ეღირება.

მსგავსი სიახლეები