ელექტრომობილი, ბიუაიდი, ბივაიდი, ბივაიდი დენზა ზ
Aa
Aa

ის, რასაც Tesla მხოლოდ გვპირდება, BYD-მ უკვე შეძლო | ჰიპერქარების ჩინური კონკურენტი აბსურდულად იაფი ღირს

პეკინის ავტოშოუზე ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი პრეზენტაცია უდავოდ ჩინურ ავტომწარმოებელს, BYD-ს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას თავისი ახალი მონსტრი წარუდგინა. ჩინელების ახალი ქმნილება კვლავ ელექტრომობილია, თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლებლობებით ჰიპერქარებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

BYD-ის მიერ წარდგენილი ახალი მოდელი Denza Z9 გახლავთ, რომელიც, როგორც ამბობენ, ავტოინდუსტრიის სტანდარტებს თავდაყირა დააყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ელექტრომობილი ჰიპერქარის შესაძლებლობებს გვთავაზობს, მთავარ ყურადღებას ამ მოდელის საწყისი ღირებულება იპყრობს. ჩინელების ახალი ქმნილების შეძენა სულ რაღაც 70 000 აშშ დოლარადაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ის მილიონიანი ღირებულების ჰიპერქარების კონკურენტად მოგვევლინა. იმასაც ამბობენ, რომ ამ მოდელით BYD-მ შეძლო ის, რასაც Tesla წლებია უკვე Roadster-ის სახით მხოლოდ გვპირდება. 

ასევე დაგაინტერესებთ: ელექტრომობილების 8 პრობლემა, რომელსაც არავინ გაგიმხელთ

ჩინური ელექტრომობილის დიზაინი Audi-ს დიზაინის მიმართულების ყოფილი უფროსის, ვოლფგამგ ეგერის ხელმძღვანელობით შეიქმნა. სწორედ ისაა პასუხისმგებელი BYD-ში შემავალი მარკების — Denza-ს, Fang Cheng Bao-სა და YangWang-ის დიზაინის ენის განსაზღვრაზე.

BYD Denza Z9-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება აჩქარებაა: პეკინის მტკიცებით, ელექტრომობილი 0-დან 100-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს, რაც მას ჰიპერქარების კატეგორიაში აქცევს. ამ მონაცემების მიღმა კი BYD-ის რამდენიმე ძრავისგან შემდგარი სრულამძრავი სისტემა, გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა და უკეთესი მანევრირებისთვის მართვის თანამედროვე სისტემები დგას. საინტერესოა, რომ BYD ამ სისტემას „ღმერთის თვალის“ სახელით მოიხსენიებს — ეს არის ულტრათანამედროვე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გარემოს სენსორებისა და კამერების მეშვეობით აღიქვამს.

Z სერია სამი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სრულამძრავ სისტემას უკავშირდება, კომბინირებული სიმძლავრე კი 1 000 ცხენის ძალას აღწევს. უნდა აღინიშნოს BYD-ის ახალი „ფლეშ“ დამმუხტველი სისტემები, რომელთა სიმძლავრეც 1 500 კილოვატრს აღწევს. აღნიშნული ტექნოლოგიით ელექტრომობილის დამუხტვა 10 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

როგორც გითხარით, ამ ყველაფრის მიუხედავადაც, 1 000-ცხენისძალიანი Denza Z9-ის სავარაუდო ფასი სრულიად აბსურდულად ჟღერს. ჩინური მედიის ვარაუდით, ავტომობილის ფასი $58 000-დან $73 000-ის ფარგლებში იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩინური კომპანია თავის ახალ ელექტრომობილს სწორედ ამ ღირებულებით გამოიტანს ბაზარზე, დიდი შანსია, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები