ჰიბრიდი, ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები
Aa
Aa

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები თებერვალში კვლავ შემცირდა

ბოლო პერიოდში ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის კლების ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნულს საკონსულტაციო კომპანია Benchmark Mineral Intelligence (BMI)-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, თებერვლის თვეში გლობალურ ბაზრებზე ელექტრომობილების მიწოდება 11%-ითაა შემცირებული. ეს კლება კი დიდწილად ჩინეთს უკავშირდება.

ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლება ავტომწარმოებელთა გეგმებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მათმა ნაწილმა ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებული გეგმები ან შეაჩერა, ანდა მნიშვნელოვნად შეცვალა. რეალურად, ავტომწარმოებლებისთვის საწარმოო ხაზის ელექტრიფიკაცია და მისი არსებულ რეგულაციებთან მორგება საკმაოდ მაღალხარჯიანი პროცესია; სიტუაციას კი ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ კომპანიები მომხმარებლებისგან შესაბამის მოთხოვნას ვერ იღებენ.

პარალელურად, ქვეყნები ელექტრომობილების შესაძენად წამახალისებელ პროგრამებს აუქმებენ. ეს, მათ შორის, ისეთ ქვეყნებს ეხება, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთია. წარსულში ამ ქვეყნების მოსახლეობა აქტიურად იყენებდა სამომხმარებლო სუბსიდიებს ან ფულად შეღავათებს, რაც ელექტრომობილებზე გადასვლის დინამიკას დადებითად ადგებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

საინტერესოა, რომ BMI-ის მონაცემით, მხოლოდ ჩინეთში — მსოფლიოს უდიდეს ელექტრომობილების ბაზარზე — თებერვალში ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რეგისტრაციამ 32%-ით იკლო და 500 000 ერთეულს ჩამოცდა, ხოლო ჩინეთის ავტომწარმოებლების ასოციაციის ინფორმაციით, თებერვალში ავტომობილების საერთო გაყიდვებიც კი მნიშვნელოვნად, 34%-ით დაეცა.

BMI-ის წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებლები ფასების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. შედეგებიც სახეზეა: ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 90 000-ზე ნაკლები ავტომობილი გაიყიდა, რაც 35%-იანი ვარდნაა. რეალურად, ამერიკაში EV-ების გაყიდვები რიგით უკვე მეხუთე თვეა, რაც მცირდება — ზუსტად მას შემდეგ, რაც საკრედიტო შეღავათები გაუქმდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მაგალითად, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები თებერვალში 21%-ით გაიზარდა. მატება დაფიქსირდა მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზეც, სადაც თებერვალში ელექტრომობილების რეგისტრაცია 78%-ით გაიზარდა და 180 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები