ავტოსპორტი, ლე მანის 24 საათი, ჰიუნდაი, ჯენესისი, ჯენესის მაგმა, გამძლეობის რბოლა, ჯენესის მაგმა რეისინგი, ჟაკი იქსი
Aa
Aa

Genesis Magma-ს ცეცხლოვანი ნათლობა ლე მანზე: რატომ არის მე-13 ადგილი ისტორიული ტრიუმფი

ავტოსპორტის უმაღლეს დონეზე გამარჯვება — ეს არის ხელოვნება, რომლის მასშტაბიც გარედან თითქმის არავის ესმის. თუ თავად არ ყოფილხარ ამ ვითარებაში, ან ძალიან ახლოს არ მდგარხარ მასთან, ვინც ეს შეძლო, წარმოდგენაც არ გექნება, რა ძალისხმევაზეა საუბარი. ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის მოგებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასეულობით, ხანდახან ათასამდე ადამიანის უშეცდომო, სინქრონული მუშაობა სჭირდება. სჭირდება დისციპლინა, უზადო ლიდერობა და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი მწიკვი იღბალი.

ყველაფერი ეს და კიდევ უფრო მეტი, გასულ უქმეებზე Genesis Magma Racing-ის ბოქსებში ტრიალებდა, როდესაც სამხრეთკორეული ბრენდი პლანეტის ყველაზე დაუნდობელ რბოლას ისტორიაში პირველად შეეჯახა.

ნულიდან ჰიპერქარების ელიტამდე: 19-თვიანი სასწაული

მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას: მე-13 ადგილი ფინიშზე თითქოს არ არის ის შედეგი, რის გამოც გუნდები შამპანურს ხსნიან — ბოლოს და ბოლოს, ეს პოდიუმის უმაღლესი საფეხურიდან 12 ნაბიჯით უკანაა. სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულა რბოლა #19 ეკიპაჟმა (პოლ-ლუ შეტენი, მატიე ჟამინე და დანი ხუნკადელა). მისი მოძმე, #17 ბოლიდი კი იძულებული გახდა რბოლას 16 საათის შემდეგ გამოთიშვოდა საკიდრის გაუმართაობის გამო.

მაგრამ რატომ უნდა დატოვოს Genesis-მა ლე მანი გამარჯვებულის განცდით? იმიტომ, რომ მათ შეძლეს ის, რაც თეორიულად შეუძლებელი ჩანდა.

სულ რაღაც 19 თვის წინ, Genesis-ში რბოლებზე საერთოდ არავინ ფიქრობდა. ბრენდის მთავარმა კრეატიულმა დირექტორმა, ლუკ დონკერვოლკემ, Hyundai-ს აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ისუნ ჩუნგთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნათ Genesis Magma Racing და შესულიყვნენ WEC-ის (გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატი) ულტრა-კონკურენტულ Hypercar კლასში ისეთი გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიცაა Ferrari, BMW, Cadillac, Aston Martin, Alpine, Peugeot და წლევანდელი ტრიუმფატორი Toyota.

Genesis-ს არ გააჩნდა არანაირი სარბოლო ინფრასტრუქტურა — არც ინჟინრები, არც პროექტის მენეჯერები, არც მძღოლები. სულ რაღაც 10 წლისა და 8 თვის წინ შექმნილმა ბრენდმა, რომელმაც ნულიდან განავითარა სამოქალაქო მოდელების ხაზი, დღეს ლე მანის 24 საათი დაასრულა. ეს ფანტასტიკის სფეროა.

ქულები სპაში და ფერარის დამარცხება კვალიფიკაციაზე

„ჩვენ წავაწყდით საიმედოობის გარკვეულ პრობლემებს, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება,“ — განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა, სირილ აბიტებულმა, რომლის ფორმულა 1-სა და WRC-ის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გუნდის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. „მიუხედავად ამისა, ბოლიდმა კვირის განმავლობაში უდიდესი პოტენციალი აჩვენა, განსაკუთრებით რბოლის პირველ ნახევარში, სადაც მუდმივად ტოპ-ათეულში ვებრძოდით კონკურენტებს.“

და ეს სიტყვები მხოლოდ თავის მართლება არ არის. გუნდმა სეზონის მხოლოდ მეორე ეტაპზე, უკვე მოახერხა ქულების აღება სპაზე. ხოლო ლე მანზე, Hyperpole-ის საკვალიფიკაციო სესიაში, #11 ბოლიდმა მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო #17 ეკიპაჟმა (ანდრე ლოტერერი, ლუის ფელიპე დერანი და მატის ჟობერი) მე-13 პოზიცია მოიპოვა — სამივე Ferrari-სა და ორივე Peugeot-ზე წინ.

„ეს ყველაფერი სულ რაღაც 18 თვეში მოხდა. ამ მომენტამდე გუნდს მხოლოდ ორი რბოლის გამოცდილება ჰქონდა. შედეგის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვეღიმება, რადგან ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ეს შევძელით და ჩვენ ვარსებობთ. ეს მექანიკოსები და ინჟინრები თითქმის ერთი წელი შეუსვენებლად მუშაობდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა კმაყოფილებაა მათთვის იმის გაცნობიერება, რომ მათ ეს შეძლეს და მათი შრომის შედეგი მართლაც შესანიშნავია“, — განაცხადა ლეგენდარულმა პილოტმა, ლე მანის 6-გზის გამარჯვებულმა ჟაკი იქსმა.

Genesis Magma Racing-მა დაამტკიცა, რომ საავტომობილო სამყაროს ახალბედასაც კი, სწორი ხედვითა და დაუღალავი შრომით, შეუძლია მსოფლიოს უდიდეს სცენაზე გიგანტებს კბილები უჩვენოს. ლე მანის ცეცხლოვანი ნათლობა შედგა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები