ახალი Audi A6 Allroad-ი | უფრო ძლიერი, დიდი და აგრესიული
მათთვის, ვისაც ავტომობილების მართვა ჯერ კიდევ ხელოვნებად მიაჩნია, Audi-მ ნამდვილი საჩუქარი მოამზადა. სამშაბათს სამყარომ მომავალი თაობის Audi A6 Allroad იხილა — სრულიად ახალი ესთეტიკით, უახლესი ციფრული არქიტექტურითა და ისეთი აგრესიული, ვიზუალით, რომელიც გზაზე მყოფთ მორჩილებას აიძულებს (კარგი, ჰო, აქ ოდნავ ვაჭარბებთ). ავტომოყვარულებისთვის ეს დებიუტი მხოლოდ უგზოობის უნივერსალის პრეზენტაცია არ არის — ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, თუ რა გიჟური ფორმით მოგვევლინება ცოტა ხანში Audi RS6 Avant-ი.

როგორც Audi USA-ის წარმომადგენელმა გამოცემა The Drive-ს დაუდასტურა, ახალი A6 Allroad ოკეანის მიღმა მომავალ წელს ჩავა. ავტომობილი ბრენდის უახლეს დიზაინერულ ფილოსოფიას ეყრდნობა — იმავე ხელწერას, რომელმაც უკვე მოიცვა გერმანული გიგანტის საწარმოო ხაზი, კომპაქტური Q3-დან დაწყებული, ელექტრო A6-ითა და მომავალი ფლაგმანი ქროსოვერებით (Q7 და Q9) დასრულებული.
ამ მანქანის მთავარი ხიბლი მის განათებასა და არქიტექტურაშია. მომხმარებლის მიერ სურვილისამებრ კონფიგურირებადი LED დღის განათებები სტრუქტურულად მოწყვეტილია ძირითად მაშუქებს, სადაც ბრენდის საამაყო, ჭკვიანი Matrix LED ტექნოლოგია ბინადრობს. თუმცა, ნამდვილი ვიზუალური დრამა ძარაში იმალება: Allroad-მა სტანდარტულ A6 Avant-თან შედარებით 110მმ-ით განიერი კორპუსი და მძლავრად გამოკვეთილი, გაფართოებული ფრთები მიიღო. შესაბამისად, მისი დგომა გზაზე მასიური, მრისხანე და თავდაჯერებულია. წინა ბამპერის გიგანტური საჰაეროები აგრესიის განცდას აძლიერებს, ხოლო წინა ფრთების ჭრილები — ზუსტად ისე, როგორც უახლეს RS5-ში — ძარას სპორტულ აეროდინამიკას უსვამს ხაზს.

ინტერიერში Audi-მ თავისი ციფრული ევოლუციის მორიგი ეტაპი შემოგვთავაზა. ხელსაწყოების პანელი აერთიანებს 11.9-დუიმიან ციფრულ მონაცემთა დაფასა და 14.5-დუიმიან ცენტრალურ სენსორულ ეკრანს, რომლებიც ერთიანი, ელეგანტურად მორკალური შუშის ქვეშ ცოცხლდებიან. ეს ყველაფერი არ არის: წინა მგზავრის განკარგულებაშია პერსონალური, 10.9-დუიმიანი დამოუკიდებელი დისპლეიც. ერგონომიკის თვალსაზრისით, ცენტრალურ კონსოლზე მუსიკის ხმის დასარეგულირებელი ფიზიკური ღილაკი გადარჩა, რითაც ტაქტილური სამყარო ფაქტობრივად სრულდება.
თუმცა, ნამდვილ მძღოლებს გაახარებთ ის ფაქტი, რომ საჭის სვეტზე მექანიკური ბერკეტები შენარჩუნებულია (თანაც ძველი, კლასიკური სტილის და არა ახალი, ერთიანი დიზაინის, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ მოსახერხებელია).

რაც შეეხება კაპოტქვეშა სივრცეს — ევროპული ძრავების ხაზი ამერიკული რეალობისთვის უმნიშვნელოა. 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელის V6 ოკეანის მიღმა საერთოდ არ ჩავა. დიდი ალბათობით, არც 2.0-ლიტრიან ტურბო-ოთხიანზე ბაზირებულ დამუხტვად ჰიბრიდს ვიხილავთ, რადგან ამ ვერსიას შტატების ბაზრისთვის სერტიფიცირება არ გაუვლია.
ამერიკული ვერსია, სავარაუდოდ, მიიღებს ნაცად 3.0-ლიტრიან ტურბო V6 ბენზინის აგრეგატს, რომელიც 362 ცხენის ძალასა გამოიმუშავებს. ძალის განაწილებაზე 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის S-tronic იზრუნებს, ხოლო ლეგენდარული quattro სრული ამძრაობა, რა თქმა უნდა, საბაზისო კომპლექტაციაშიც იქნება.

საინჟინრო თვალსაზრისით, Allroad-ი თავის სახელს სრულად ამართლებს. სტანდარტული ადაპტური პნევმატური საკიდარი ავტომობილს ჩვეულებრივ A6-თან შედარებით 1.3 დუიმით მაღლა აყენებს, ხოლო გზის პირობების მიხედვით, კლირენსის ცვალებადობის სრული დიაპაზონი 2.1 დუიმს შეადგენს.
ამერიკული სპეციფიკაციების, ზუსტი კომპლექტაციებისა და საფასო პოლიტიკის შესახებ უფრო ვრცელ დეტალებს მიმდინარე წლის მიწურულს ან 2027 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.