„ბაიერნის“ მკაცრი წესები | რატომ მოუწია ჰარი კეინს მილიონიანი კოლექციის $78-ათასიანი Audi-თ ჩანაცვლება
ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინს, რა საკვირველია, ავტომობილების მდიდრული და მრავალფეროვანი კოლექცია აქვს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტოფარეხის საერთო ღირებულება $1.2 მილიონს აღწევს, ინგლისელს მიუნხენის „ბაიერნის“ მკაცრი შიდა განაწესის გამო, თავისი სუპერქარების ერთი, „იაფფასიანი“ მოდელით ჩანაცვლება მოუხდა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
გერმანულ კლუბში ტრანსფერს თან ახლდა ერთი მოულოდნელი პირობა, რომელსაც გვერდი მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმაც კი ვერ აუარა. შედეგად, უკვე მიუნხენში, კეინი თავისი საყვარელი ბრიტანული წარმოების ავტომობილებიდან ბევრად მოკრძალებული, $78 500-იანი ავტომობილის საჭესთან გადაჯდა.
თუმცა მანამ, სანამ მთავარ თემას დავუბრუნდებოდეთ, გეტყვით, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა წლების განმავლობაში პრემიუმ კლასის სუპერქარების შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ავტოფარეხი ზედმეტად თვალშისაცემი მოდელებით შეევსო, ის პრიორიტეტს ყოველთვის კომფორტისა და სიმძლავრის კომბინაციას ანიჭებდა.

შესაბამისად, წესით არ გაგიკვირდებათ, რომ კეინის კოლექციის მარგალიტი არც მეტი, არც ნაკლები Bentley Continental GT Supersports-ი გახლავთ. მოდელი, რომელიც ავტომწარმოებელმა მხოლოდ 710 ეგზემპლარად გამოუშვა, ტურბო W12 ძრავითა და 700 ცხენის ძალით აღჭურვა. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 340 კმ/სთ, ხოლო ღირებულება 380 000 აშშ დოლარია. კეინი ასევე ფლობს რამდენიმე მდიდრულ SUV-ს, მათ შორის Range Rover Sport SVR-ს, Range Rover SV Autobiography-ს და Jaguar F-Pace-ს.
მაგრამ 2023 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, კეინმა მალევე შეიტყო, რომ ამ ავტომობილებით ყოველდღიურად გადაადგილებას ვერ შეძლებდა. მიზეზი საკმაოდ მარტივია — „ბაიერნს“ ოფიციალური ავტოპარტნიორი ჰყავს და ის Audi გახლავთ. შესაბამისად, „ბაიერნის“ ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ვარჯიშებზე, მატჩებზე და კლუბის ოფიციალურ ღონისძიებებზე მხოლოდ იმ ავტომობილებით გამოცხადდნენ, რომლებსაც მათ Audi გამოუყოფს.

შედეგად, თავის ავტოფარეხში გაჩერებული ავტომობილების ნაცვლად, კეინმა ყოველდღიური გამოყენებისთვის Audi Q8 e-tron-ი შეარჩია. ამ მოდელის ღირებულება $78 500-ია. რა თქმა უნდა, იაფი არც ეს ავტომობილი გახლავთ, თუმცა ჰარი კეინის სხვა ავტომობილებთან შედარებით განსხვავება მაინც შესამჩნევია.
როგორც თავად კეინმაც განმარტა, არჩევანის გაკეთებისას მთავარი ფაქტორი კვლავ პრაქტიკულობა იყო. „საოჯახო მანქანა ავირჩიე. ახლა, როცა უკვე ოთხი შვილი მყავს, სივრცე ჰაერივით მჭირდება“, — განუცხადა მან Daily Mail-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აუდი კეინის საკუთრებაში არსებულ Bentley-ს ექსკლუზიურობით ვერც კი შეედრება, ამ ნაბიჯით კეინმა სრულად დააკმაყოფილა კლუბის სპონსორების მოთხოვნები. ეს ისტორია კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ წესების დაცვა ფეხბურთის ყველაზე დიდ ვარსკვლავებსაც კი უწევთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ავტოფარეხი ელოდებათ საკუთარ სახლში.