სიჩქარის რეკორდი, ჰიპერქარი, კიონიგსეგი, კიონიგსეგ ჯესკო, კიონიგსეგ იესკო
Aa
Aa

Koenigsegg Jesko-მ საკუთარი რეკორდი ბევრად გააუმჯობესა და კვლავ ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია

შვედურმა ჰიპერქარმა Koenigsegg Jesko Absolut-მა განაგრძო თავისი კეთილშობილური, მრავალწლიანი მისია — მსოფლიო წამზომების მწყობრიდან გამოყვანა და სერიულ ავტომობილებს შორის სიჩქარის ახალი რეკორდები დაამყარა. თანაც, კიდევ ერთხელ.

ასევე იხილეთ: 10 მანქანა, რომელსაც დაუჯერებლად მაგარი ხმა აქვს!

„შვედეთის ეროვნულ დღეს, — აცხადებს Koenigsegg-ი, — Jesko Absolut-მა მორიგი ისტორიული შედეგი აჩვენა ბრენდის მშობლიურ აეროდრომზე, ენგელჰოლმში“. ეს ისტორიული გარბენი გულისხმობს ადგილიდან მეოთხედი მილის (დაახლოებით 400 მეტრი) დაფარვას სულ რაღაც 8.54 წამში, 305 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ნახევარი მილის — 12.76 წამში, 373 კმ/სთ სიჩქარით.

ეს საგრძნობი წინსვლაა თავად Jesko-ს მიერ 2025 წელს ნაჩვენებ შედეგებთან შედარებით, როდესაც მეოთხედი მილი 8.88 წამში, ხოლო ნახევარი მილი 13.27 წამში დაიფარა.

„ორივე მაქსიმალური სიჩქარე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე სერიულ ავტომობილს დაუფიქსირებია, ეს შესანიშნავი გაქროლება ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სერიულმა ავტომობილმა მეოთხედ მილიზე 300 კმ/სთ სიჩქარის ბარიერს გადააბიჯა“, — აცხადებენ კომპანიაში.

Koenigsegg-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Jesko-მ ეს შეძლო სოლიდური მარაგით, სრულიად მოუმზადებელ ასფალტზე, ქარხნული საბურავებითა და მხოლოდ უკანა ამძრაობით. მართლაც, საქმე ნამდვილ მასტერკლასთან გვაქვს!

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, თუ რა სირთულეს წარმოადგენს 5.0-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავის 1600 ცხენის ძალისა და 1500 ნიუტონ-მეტრის უსაფრთხოდ გადატანა მხოლოდ უკანა თვლებზე. ამ გიჟურ მანევრზე პასუხისმგებელი Koenigsegg-ის ტესტერი მძღოლი, მარკუს ლუნდი გახლდათ.

„ეს შედეგი შესაძლებელი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის ახალი მიღწევების წყალობით, რომლებსაც აბსოლუტურად ყველა Absolut-ის მფლობელი დისტანციური, საჰაერო განახლებით (OTA Update) მიიღებს,“ — დაამატა ავტომწარმოებელმა. აბა, ვინმე თუ შეიცოდებს საწყალ წამზომებს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები