საწვავი, რუსეთი, საწვავის იმპორტი, ბენზინი
Aa
Aa

დეფიციტის მოლოდინში, რუსეთი საწვავის იმპორტს იწყებს | Reuters

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე თვეში რუსეთი იძულებული ხდება ბენზინის იმპორტი საზღვაო გზით განახორციელოს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ივნისში იმპორტირებული ბენზინის პირველ პარტიას ერთ-ერთი დასავლური პორტის გავლით მიიღებს. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, საწვავის მიღება აზიიდან იგეგმება, თუმცა კონკრეტული მიმწოდებლის ვინაობა, ისევე როგორც ტვირთის მოცულობა, ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, საზღვაო გზით საწვავის იმპორტს რუსეთი გასულ წელსაც განიხილავდა, თუმცა მაშინ შიდა ბაზარზე არსებული რესურსი საკმარისი აღმოჩნდა. ხოლო, როგორც ჩანს, წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სურათი რადიკალურად შეიცვალა.

რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის მიწოდება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბოლო თვეებში რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებსა და საცავებზე მიზანმიმართული დარტყმები მიიტანეს. ბოლო სამიზნეებს შორის აღმოჩნდა TANECO-სა და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები — ორივე ობიექტზე თავდასხმებმა წარმოების შეჩერება გამოიწვია.

Reuters-ის მონაცემებით, საწვავის დეფიციტი უკვე ფიქსირდება რუსეთის 10-ზე მეტ რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმსა და ციმბირის ორ რეგიონში. პარალელურად, მოსკოვმა ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვა ივლისამდე გაახანგრძლივა, რათა ქვეყნის შიგნით რესურსი მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები