ჩინეთი, ნისანი, ივან ესპინოზა, ნისან სქაილაინი
Aa
Aa

Nissan Skyline-ის ახალი თაობა დაგეგმილზე ადრე გამოვა | იაპონელებმა ჩინელებს მიჰბაძეს

საავტომობილო ინდუსტრიაში მწარმოებლები დიდხანს ამაყობდნენ დიზაინით, საინჟინრო სრულყოფილებითა და ხარისხით, თუმცა დღეს ბრენდებს შორის კონკურენციის მთავარ იარაღად სისწრაფე იქცა. აქ საუბარი არ არის სარბოლო ტემპზე — გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალი მოდელების შემუშავების სისწრაფეს ენიჭება, რაც კომპანიებს კონკურენტებზე წინ ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, Nissan-ი აცხადებს, რომ ჩინელი ავტომწარმოებლებისგან მიღებულ გამოცდილებას ნერგავს, რისი პირველი დასტურიც ახალი თაობის Skyline იქნება, რომელსაც მოსალოდნელზე ბევრად ადრე ვიხილავთ.

ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?

Nikkei-ს ანგარიშის თანახმად, Nissan-ის ხელმძღვანელი, ივან ესპინოზა აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი ახალი ავტომობილების ბაზარზე დაახლოებით 30 თვეში ჩაშვებაა. ამ სტრატეგიის პირველი რეალური მაგალითი მომავალი თაობის Skyline-ი გახდება, რომლის დებიუტიც უკვე ამ ზამთარს იგეგმება — სულ რაღაც 26-თვიანი შემუშავების პროცესის შემდეგ. ეს დრამატული წინსვლაა იმ 55 თვესთან შედარებით, რაც მიმდინარე მოდელის შესაქმნელად გახდა საჭირო. ამერიკელი მომხმარებლები ამ ავტომობილს Skyline-ის სახელით ვერ მიიღებენ, თუმცა მათთვის იგივე მოდელი კაპოტზე Infiniti-ს ლოგოთი წარსდგება.

Nissan-მა ამ მიდგომის უპირატესობა საკუთარ თავზე ჩინურ კომპანია Dongfeng-თან პარტნიორობისას გამოცადა. Dongfeng Nissan N7 ელექტრონული სედანის შემუშავებას სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა, რაც დაახლოებით ნახევარია იმ დროისა, რაც იაპონურ ბრენდს ტრადიციულად დასჭირდებოდა.

„ამ პროგრესის უდიდესი ნაწილი ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და ახალი, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას დიზაინის, ტესტირებისა და წარმოების ფაზებში. დღესდღეობით ჩინეთი აწესებს ინდუსტრიის მომავალ სტანდარტებს ტექნოლოგიების, საფასო კონკურენტუნარიანობისა და შემუშავების ვადების თვალსაზრისით“, — აღნიშნა ესპინოზამ.

გასულ ფისკალურ წელს ავტომწარმოებლის გლობალური გაყიდვები 6 პროცენტით შემცირდა და 3.15 მილიონი ავტომობილი შეადგინა, ხოლო უშუალოდ იაპონიის ბაზარზე ვარდნამ 13 პროცენტს მიაღწია. ესპინოზას მიაჩნია, რომ პრობლემის ნაწილი რეპუტაციულ ზიანსა და ბაზარზე მიმზიდველი, ახალი პროდუქტების დეფიციტს უკავშირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ აქტიურად განიხილებოდა Nissan-ის, Honda-სა და Mitsubishi-ს შესაძლო შერწყმა, სანამ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშლებოდა.

ახლა კომპანია იმედოვნებს, რომ ამ უარყოფით ტრენდს აგრესიული შეტევით შეატრიალებს, რაც დაახლოებით ერთ წელში შვიდი ახალი მოდელის ჩაშვებას გულისხმობს — მათ შორის იქნება ახალი Skyline-ი, ახალი SUV-ები, პიკაპები და, საბოლოო ჯამში, მომავალი თაობის GT-R.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები